მამუკა მდინარაძე - იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელის მხრიდან პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ
მამუკა მდინარაძე - იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელის მხრიდან პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებში ანა დოლიძის პოლიტიკურ მიზნებს ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, სასამართლო დამოუკიდებელია, რომელმაც თავისი საქმიანობა უნდა განაგრძოს.

„ბუნებრივია, პრეზიდენტის წარმომადგენელის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მმართველი გუნდი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა და შეგვიძლია, ვითარება მხოლოდ ზოგადად შევაფასოთ. გარკვეული კამათები არის, რაც სასამართლოში უნდა დარჩეს. სასამართლო დამოუკიდებელია და თავისი საქმიანობა უნდა განაგრძოს. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ, მეტად უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სასამართლო უნდა მივიღოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სჭირდება თუ არა სასამართლო სისტემაში „აფეთქებები“, მდინარაძე პასუხობს, რომ პრეზიდენტის მსგავსი პოლიტიკური მიზნები არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ გაუკვირდება.

„აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს დაგიდასტუროთ. იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში და დოლიძის განცხადებებში საარჩევნო კამპანიის მიზნებს ვერ დავინახავდი, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ პოლიტიკური მიზნების შესაბამისი რეალიზება მოხდეს. ეს პოლიტიკური მიზნები თავის სასარგებლოდ არის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ გუშინ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან“ უნდა გათავისუფლდეს.