მამუკა მდინარაძე - ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, ექვსჯერ ნაკლებია
მამუკა მდინარაძე - ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, ექვსჯერ ნაკლებია

ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, ექვსჯერ ნაკლებია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ენდიაის“ კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.

„დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო „ენდიაის“ გამოკითხვის შედეგები, რადგან ვიცით წლების განმავლობაში სერიოზული ცდომილების მიზეზები, რაც სამწუხაროდ იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგი იყო, რომლებსაც „ენდიაი“ ეყრდნობოდა და რომელთა ძალიან დიდი ნაწილი აფილირებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. როგორც ჩანს, ამ ფარგლებშიც ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა. თქვენ იცით, რომ ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებია და გამოკითხულთა 68 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ვინც აფიქსირებს პარტიების მიმართ მხარდაჭერას. კვლევა ამბობს, რომ მოსახლეობის 2/3 ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შემოვიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხუთი პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25 პროცენტი კი არც ერთ პარტიას. ცხრა პროცენტი ასახელებს სხვა პარტიებს, რომელშიც შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.
დატოვე კომენტარი