მამუკა მდინარაძე - „ისფედის“ პარალელური დათვლის მონაცემები არის არა შეცდომა, არამედ შეგნებული გაყალბება, რომელიც ქვეყნის ამოტრიალებისთვის სჭირდებოდათ
მამუკა მდინარაძე - „ისფედის“ პარალელური დათვლის მონაცემები არის არა შეცდომა, არამედ შეგნებული გაყალბება, რომელიც ქვეყნის ამოტრიალებისთვის სჭირდებოდათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას რაღაც მყარი მტკიცებულება სჭირდებოდა, რომლის საფუძველზეც, ცესკო-ს ან ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებას დააბრალებდა

ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძე „სამართლიანი არჩევნების“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გამოდის, რომ ეს ხალხი ქვეყანას ატრიალებდა, ცესკო-ს გაყალბებას აბრალებდა, დღეს კი ყველაფრის ადამიანური შეცდომით გამართლებას ცდილობს.

„წარმოუდგენელია, შეცდომის დაშვება ამხელა გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან. თურმე, შემთხვევით, ვიღაცამ ბათილი ბიულეტენები მიათვალა. ამ ქვეყანაში რამდენი ადამიანი გეგულებათ, ვინც ამ ბავშვურ ტყუილს დაიჯერებს? ეს იყო მარტივი მანიპულაცია და ყველაფერს მიხვდებოდი, როგორც კი ციფრებში ჩახედავ. ფაქტია, რომ არჩევნების ნაცვლად, თურმე, ამ ქვეყანაში pvt გაყალბებულა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ვიღაცას შემთხვევით შეეშალოს და ფორმულაში ბათილი ბიულეტენები მიათვალოს. ქვეყნის მასშტაბით საუბარია ორ მილიონამდე ბიულეტენზე. საუბარია 70-80 ათას ხმამდეა და ეს შეცდომაა? რა შეცდომაზეა საუბარი? ოპოზიციას რაღაც მყარი მტკიცებულება სჭირდებოდა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თუ ხელისუფლებას დააბრალებდა, რომ მათ არჩევნები გააყალბეს. ასეთი მტკიცებულების სახით მათ შექმნეს „ისფედის“ პარალელური დათვლის მონაცემები, რომელიც რეალურად გაყალბდა. სხვა გზა არ ჰქონდათ, თავიდანვე რეალური მონაცემები რომ გამოექვეყნებინათ, ნახავდნენ, რომ ცესკო-ს მონაცემებს დაემთხვა და კითხვის ნიშნები აღმოიფხვრებოდა.

ეს შემდეგი ერთი თვის განმავლობაში დამალეს. ამ ერთი თვის განმავლობაში ელოდნენ, რამე თუ მოხდებოდა, ქვეყანას არევდნენ და ყველაფერს გადაატრიალებდნენ, ამ შემთხვევაში, არავის გაახსენდებოდა ის, რასაც დღეს ამბობენ – ის შემთხვევითობა, ვითომ შეცდომა და ა.შ. როდესაც ეს ვერ მოხდა და ხალხი ვერ გააბითურეს, საპროტესტო ტალღა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვერ წამოიღეს, უკვე დრომ იძულებული გახადა, რომ ჩვენს მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი დაეფიქსირებინათ, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეს შეცდომა არ არის. ჩემი აზრით, ეს არის შეგნებული გაყალბება, რომელიც მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ქვეყანა ამოეტრიალებინათ, რაც საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს”, – განაცხადა მდინარაძემ.