მამუკა მდინარაძე - „აიარაისა“  და „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევები რეალობას ყოველთვის აცდენილია
მამუკა მდინარაძე - „აიარაისა“  და „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევები რეალობას ყოველთვის აცდენილია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასწორია საუბარი, თითქოს „აიარაის“კვლევებით ოპოზიციას ჯამურად „ქართულ ოცნებაზე“ მაღალი მაჩვენებელი აქვს და მმართველმა გუნდმა ამის გამო ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტი.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, კვლევის შედეგები გუშინ გამოცხადდა და „ქართულ ოცნებას“ შედეგები წინასწარ ვერ ეცოდინებოდა.

მისივე თქმით, „აიარაისა“  და „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევები რეალობას ყოველთვის აცდენილია.

„ორგანიზაცია „აიპიემის“ კვლევას აქვეყნებს ხოლმე „აიარაი“, „სიარარსის“ კვლევას კი – „ენდიაი“. ორივე შედეგები ყოველთვის ცდება რამდენიმე ათეული პროცენტით რეალობასა და საარჩევნო შედეგებს. რატომ ხდება ისე, რომ „აიპიემის“ კვლევაში ლიდერობს დავით ბაქრაძე, შემდეგ მისი რეიტინგი ქრება „სიარარსის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში და იქ რაღაც პოზიციებზე გვევლინება მიხეილ სააკაშვილი. უკვე სასაცილოა ეს ამბავი. თუ ჩაატარა „აიპიემმა“ და გამოაქვეყნა „აიარაიმ“, იქ ბაქრაძესა და „ევროპულ საქართველოზე“ სხვა შედეგები გვაქვს, თუ ჩაატარა „სიარარსიმ“ და „ენდიაიმ“ გაგვაცნო შედეგები, იქ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის რაღაც კუთხით დომინანტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ჩატარებულ კვლევებს ტენდენციურს უწოდებს.

„ეს ტენდენციური კვლევები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ვრცელდება. გვეუბნებიან, რომ ასეა და შემდეგ, საარჩევნო შედეგები ათეული პროცენტით ცდება მონაცემებს. დასკვნა თავად საზოგადოებამ გამოიტანოს. თუ მეტყვით, რომ ვენდო ასეთ კვლევებს, დავფიქრდები, მაგრამ გამიჭირდება. მე შეფასებას კი არ ვაკეთებ, დასკვნას ვაკეთებ. ეს ფაქტები სასაცილოს ხდის კვლევის შედეგებს. დასკვნა ძალიან მარტივია, ტენდენციურია, რადგან სახეზეა კონკრეტული ლიდერების თუ კონკრეტული პარტიების მიმხრობა იმის მიხედვით, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, „აიარაის“  [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ 5 პროცენტი.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5 პროცენტი, გამოკითხულთა 4 პროცენტი ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 პროცენტი, „ახალი საქართველოსთვის“- 2 პროცენტი, „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2 პროცენტი.  „ლელოს“ გამოკითხულთა 2 პროცენტი მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – 1 პროცენტი. გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის ან არ სურს პასუხის გაცემა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება პლუს-მინუს 2.5 პროცენტია.