მამუკა მდინარაძე - იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი, რომ ევროკომისიას ამაზე ხაზგასმა მოუწია, სამწუხაროა, ერთადერთი პუნქტი, რომლის სულ მცირე ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან
მამუკა მდინარაძე - იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი, რომ ევროკომისიას ამაზე ხაზგასმა მოუწია, სამწუხაროა, ერთადერთი პუნქტი, რომლის სულ მცირე ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან

იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი საქართველოში, რომ ევროკომისიას ამაზე ხაზგასმა მოუწია, სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის სულ მცირე ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დათქმები და რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ იდენტურია და ერთადერთი განმასხვავებელი არის პუნქტი დეპოლარიზაციაზე.

„ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად არ ჩაიწერებოდა. ერთი აბსოლუტურად განსხვავებული პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც არც ერთ სხვას არ უწერია, არც უკრაინას და არც მოლდოვას, ეს არის კონკრეტული მესიჯი. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი ისეთი პუნქტი, რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე, არაფერი გამოუვა. ეს იმის მანიშნებელია, რომ იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი საქართველოში, რომ ევროკომისიას თავის რეკომენდაციებში განსაკუთრებული ხაზგასმა მოუწია და შარლ მიშელის სულისკვეთება ახსენა, ანუ ორმაგი ხაზგასმა გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომელიც დამოკიდებულია სულ მცირე ნახევრად ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან, ირღვევა დღევანდელი აქციის მოწოდებებიდან, როდესაც ისინი ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, თანაც ამ ისტორიულ პროცესში, ამაზე მეტი მავნებლობა არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი