მამუკა მდინარაძე - ჰერჩინსკის ნუ დავაბულინგებინებთ, მისი ხელის ჩამორთმევით ლეგიტიმაცია არ არის ის, რაზეც უნდა ინერვიულონ, ინერვიულონ, რომ ქართველი ხალხი არ უჭერთ მხარს
მამუკა მდინარაძე - ჰერჩინსკის ნუ დავაბულინგებინებთ, მისი ხელის ჩამორთმევით ლეგიტიმაცია არ არის ის, რაზეც უნდა ინერვიულონ, ინერვიულონ, რომ ქართველი ხალხი არ უჭერთ მხარს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი სკამს ებღაუჭება და ამას არც მალავს.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მნიშვნელობა არ აქვს.

„როგორც ჩანს, მძიმე ემოციური ფონი აქვს, თვითონვე ამბობს, არ მალავს. ვნახოთ, ვინ წავა და რაღაც პოსტებს დებს უკვე. მძიმე ემოციური ფონი ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია. შესაბამისად, მოდით, ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ. მართლა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, როგორც ჩანს, აღარ მინდა დამატებით კომენტარების გაკეთება. ისეთ კომენტარებს აკეთებს, ჩვენ არ გამოგვივიდეს ამ მძიმე ემოციურ ფონზე კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. გასაგებია, ადამიანი სკამს ებღაუჭება ისე, რომ არც მალავს. პრაქტიკულად თვითონ ამბობს, სკამს ვებღაუჭებიო. გამოვიდა – დარჩეს კობახიძე, დარჩეს პარლამენტი, ოღონდ მეც დამტოვეთო. მერე თქვა, არსად მივდივარო. კონსტიტუციიდან ისედაც გასული იყო. მძიმე ემოციურ ფონზე რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, პრინციპულად მნიშვნელობა აღარ აქვს. ერთადერთი, სადაც ჯდება, არის აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსი. იქ ახერხებს ჩარჩოში ჩაჯდომას, დანარჩენი მომსახურების ზონიდან საერთოდ გასულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამავდროულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ჰერჩინსკი მიღებული დირექტივის შესაბამისად მოქმედებს და მის მიმართ ბულინგი არ უნდა იყოს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია.

„ევროკავშირის ელჩის ბულინგთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება არავის ლეგიტიმაცია. ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი. მერე ხელსაც ჩამოართმევენ, დაელაპარაკებიან კიდეც ყველას და ასეთიც ხდება. მათ შორის, ლეგიტიმაციაზე რომ ლაპარაკობენ, საერთოდ აიგნორებენ იმას, რომ ჰელსინკის კომისიამ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მითითების გამო. არ არის ეს ლეგიტიმაციის მოცემის პირველი შემთხვევა. მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო განცხადებებს აკეთებდა. ახლა ვიღაცები, აგენტურული ოპოზიცია სადღაც თავისი გავლენებით, თავისი პატრონების გავლენებით ვიღაცას რაღაცას ალაპარაკებენ, დე ფაქტოს აძახებინებს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, ამ მესიჯბოქსში ჩვენ ხომ არ შევყვებით. ამიტომ დავამშვიდებ მათ. ნუ აბულინგებენ იმ კაცს, თავი დაანებონ. პიროვნულად მართლა კარგი კაცია, უბრალოდ რაღაც დირექტივები მოდის ხოლმე და ამ დირექტივებს ექვემდებარება, ბუნებრივია, ეს ადამიანი. პიროვნულად მართლა კარგი კაცია, ისევე როგორც ელჩი დანიგანი. რასაც ეუბნებიან ბაიდენის ადმინისტრაციიდან, აგერ, ჩვენი ელჩებივით კი არ არიან, ზოგიერთი, 3-4 ელჩი რომაა, საქართველოდან სხვა პოლიტიკა წარმოებს და ისინი სხვა რაღაცებს წერენ. ამიტომ ეს პრაქტიკა უნდა დამთავრდეს. სწორია აშშ-ში როგორც არის დალაგებული, რასაც ეტყვიან ელჩს, იმას ლაპარაკობს. დანიგანიც ასეა. პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია და ასეა მართლა, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, ბუნებრივია, რომ ეს განცხადება უნდა გააკეთოს და ამ განცხადებებს აკეთებს. ჩვენი ელჩები პირიქით არიან ხოლმე, ზოგ შემთხვევაში, ზოგიერთი ელჩი. დიპლომატიური კორპუსის უდიდესი უმრავლესობა ძალიან ღირსეული, თავისი სამშობლოს მოყვარული და თავისი სახელმწიფოს პოლიტიკის გამტარებელია, სწორი, ევროპული პოლიტიკის გამტარებელი ადამიანები არიან, მაგრამ გამოხტა რამდენიმე ელჩი, ჩანერგილი, რომლებმაც ნახეთ, რა განცხადებები გააკეთეს, ხომ? დანიგანიც იმავენაირად ხომ არ მოიქცევა. შეიძლება, საერთოდ სხვა რამეს ფიქრობდეს. ასევეა ბატონი ჰერჩინსკიც. ჩამოდის დირექტივა, ამ დირექტივის შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს. ვეუბნებით, მისი ხელის ჩამორთმევით ლეგიტიმაცია არ არის ის, რაზეც მათ უნდა ინერვიულონ. მათ ინერვიულონ, რომ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.