ანრი ოხანაშვილი - გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის, არ შეესაბამება საქართველოს არჩევანს, ევროპელი პარტნიორები ოპოზიციონერი კოლეგების არჩევანს არ იწონებენ
ანრი ოხანაშვილი - გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის, არ შეესაბამება საქართველოს არჩევანს, ევროპელი პარტნიორები ოპოზიციონერი კოლეგების არჩევანს არ იწონებენ

ბრიუსელიდან გზავნილებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის და გამოხატავს პოზიციას არადემოკრატიული მეთოდებით, არ შეესაბამება საქართველოს არჩევანს. ევროპელი პარტნიორები ოპოზიციონერი კოლეგების არჩევანს არ იწონებენ, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბრიუსელში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, არჩევნებისადმი კითხვის ნიშნები ვერავითარ ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს მაშინ, როდესაც ყველა დასავლელი პარტნიორი და ევროპული ინსტიტუტი ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნები შედგა და ეს იყო დემოკრატიული.

„შესაბამისად, დასკვნა მარტივია, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართებოდეს, ხოლო პროცესების მისი გვერდის ავლით წარმართვა არც ევროპის და არც ჩვენი სხვა სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებში არ შედის, რადგან ეს არ არის გზა დემოკრატიისაკენ. პირიქით, ეს ხელს უშლის ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი პარტნიორები ასეთი ფორმით სვლას არ იწონებენ. ჩვენი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობიან და აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ არჩევნები კონკურენტულ პირობებში, დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარდა. თუ ვინმე კითხვის ნიშანს დასვამს საპარლამენტო არჩევნების მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვებს ევროპული ინსტიტუციებისადმი სვამენ, არ ენდობიან ევროპელ დიპლომატებს და ისეთ ინსტიტუციას, როგორიცაა ეუთო/ოდირი. არჩევნებისადმი კითხვის ნიშნები ვერავითარ ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი და ევროპული ინსტიტუტი ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნები შედგა და ეს იყო დემოკრატიული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.