მამუკა მდინარაძე - გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, განახლდეს მოლაპარაკებები, არ იქნება საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელია
მამუკა მდინარაძე - გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, განახლდეს მოლაპარაკებები, არ იქნება საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელია

გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო საორგანიზაციო ზოგად საკითხებზე.

„ინფორმაციული თვალსაზრისით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ კონპილაციური დოკუმენტის საფუძველზე მსჯელობას დავიწყებთ. აქ არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთა უმრავლესობა ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან. ამ საკითხების შეკრება და წარმოდგენა მოხდა, რომ ნათელი იყოს, რა მოთხოვნებს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა. შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, ეს ძალით გახარებული ოპოზიცია, რომელიც გამოდიოდა, რაღაცას გვიყვებოდა და ამ დოკუმენტზეც აპელირებდნენ. სხვათა შორის, იქ შეთანხმება იმაზეც იყო, რომ მსგავსი დოკუმენტის ან სიღრმისეული მსჯელობის შესახებ ინფორმაცია არ გამოსულიყო. ასეთი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან იყო საორგანიზაციო ზოგად საკითხებზე, იმაზე, რომ უნდა განახლდეს მოლაპარაკებები, მაგრამ არ ყოფილა დეტალურად რომელიმე საკითხზე, მათ შორის არც მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, სპეკულაციური იქნება ჩვენი მხრიდანაც, რომ რაღაც დეტალებს ჩავყვეთ, რომელიც კონპილაციურ, ხელმოუწერელ დოკუმენტშია ჩაწერილი. აქედან რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის უკვე იქ საკითხები, რომელზეც არის მზაობა, უკვე ქმედითი არის საკითხები, რომელზეც საერთოდ საუბარი არ იქნება მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელი რამეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სალომე სამადაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, აკაკი მინაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.