მამუკა მდინარაძე - გუნდის შიგნით ნამდვილად არის რესურსი, რომ ყველაფერი დალაგდეს
მამუკა მდინარაძე - გუნდის შიგნით ნამდვილად არის რესურსი, რომ ყველაფერი დალაგდეს

მხარეები არ არსებობენ, აქ არის გუნდი და გუნდის შიგნით ნამდვილად არის იმის რესურსი, რომ ყველაფერი დალაგდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაღაც განცხადებები გამო გარკვეული უხერხულობაა და უმრავლესობის შეხვედრაზე ეს საკითხები დარეგულირდება.

„ნუ ელოდებით ჩემგან ან გუნდის დანარჩენი წევრებისგან საპასუხო განცხადებებს, როგორი კითხვაც არ უნდა დამისვათ, ჩემი პასუხი არის იგივე, რომ ნამდვილად არის გუნდში იმის რესურსი, რომ ჩვენ თამაშის საერთო წესებზე შევთანხმდეთ და გაცილებით მნიშვნელოვან თემებს მივაპყროთ ყურადღება. რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ამაზე ვისმჯელებთ არამხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე, არამედ ამაზე კიდევ იქნება შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდებით თამაშის საერთო წესებზე და იქნება გუნდურობა. ყველაფერი დალაგდება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულ რიტმში გააგრძელებს მუშაობას. მხარეები არ არსებობენ, აქ არის გუნდი. გასაგებია, რომ გარკვეული წევრები აკეთებენ განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გუნდის შიგნით ნამდვილად არის იმის რესურსი რომ ყველაფერი დალაგდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა “ქართული ოცნების” საქმიანობაში ბიძინა ივანიშვილი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განიხილება.

„მე დავეთანხმები ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ პარტიულ საქმიანობაში ჩართული იყოს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა დღეის მოცემულობით ხვალინდელ სხდომაზე ეს საკითხი არ დგას. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს კარგი იქნებოდა, ეს მართლაც პოზიტიურია. ამ ადამიანის ავტორიტეტი იმდენად დიდია რომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.