მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილს გულწრფელად ვურჩევდი, საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ გამოხატოს
მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილს გულწრფელად ვურჩევდი, საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ გამოხატოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ გამოხატოს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში წითელი ხაზები არსებობს, რომლის გადაკვეთის გარეშე და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ყველასთან საუბარი, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთანაც, თუ ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას ხელს ოდნავ მაინც შეუწყობს.

„გიორგი მარგველაშვილს გულწრფელად ვურჩევდი, რომ საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ გამოხატოს. ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება იმ საკითხის შეფასება, თუ რა უნდა სინამდვილეში, რა გზას, რა კურსს ირჩევს და რა მესიჯი უნდა მიაწოდოს საზოგადოებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.