მამუკა მდინარაძე - გახარია სულ ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად არის, ხან საქართველოს, ხან იმ ადამიანების დასანქცირებას ითხოვს, ვისაც ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის
მამუკა მდინარაძე - გახარია სულ ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად არის, ხან საქართველოს, ხან იმ ადამიანების დასანქცირებას ითხოვს, ვისაც ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის

გიორგი გახარია სულ ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად არის. ხან საქართველოს, ხან იმ ადამიანების დასანქცირებას ითხოვს, ვისაც ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან შეხვედრაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას განიხილავდნენ, გიორგი გახარიაც მივიდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, სანქციებზე ზრუნავენ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ.

„გახარიას პარტია მესიჯბოქსში ხშირად იყენებს სიტყვას – „ნაცქოცური“, ამ დროს სადაც შეუძლიათ, საკრებულოში „ნაცმოძრაობასთან“კოალიცია აქვთ დალაგებული. წარმოიდგინეთ, პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც იმ საკრებულოებში, სადაც წარმომადგენლები ჰყავს, კოალიცია აქვთ დალაგებული „ნაცმოძრაობასთან“ და  „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე ლაპარაკობენ ხოლმე. შენ კოალიცია გქონდეს ვიღაცასთან დალაგებული და იმასთან კონტაქტს „ქართულ ოცნებას“ აბრალებდე, ამას გაწყვეტილი შუბლის ძარღვი ვერ იზამს, გაგლეჯილი უნდა იყოს. ამიტომ არ გამკვირვებია ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მათთან ერთად არის და მათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს, ხან იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის.

რაც მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, დასანქცირდეს ასეთი ადამიანი. რაც უფრო ქართველი ხარ მენტალურად, მით უფრო გებრძვიან, რაც უფრო მეტად ცდილობ, შენს ქვეყანაში მიიღებოდეს შენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები, მით უფრო გებრძვიან და გემუქრებიან სანქციებით. ამ შედეგებზე ზრუნავენ, მაგრამ ვერ მიაღწევენ, რადგან არ შეიძლება, საქართველოში ქართველმა ხალხმა დაუშვას, რომ ლიდერი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, დაიჩაგროს იმის გამო, რომ მას პრიორიტეტად აღებული ჰქონდა ეროვნული ინტერესი. მიუხედავად ათასგვარი სპეკულაციური დაბრალებისა, მას პრიორიტეტად ჰქონდა რეალური და ჭეშმარიტი ევროპელობა, პრიორიტეტად ჰქონდა აღებული ღირებულება. ამისთვის ვერ დავიჩაგრებით და ვერ დავისჯებით. რა თქმა უნდა, არის ამის მცდელობები და ამ მცდელობაში თანამონაწილე, თქვენი ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა გიორგი გახარიაც. გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, ამას პარადოქსიც არ ჰქვია, ამას ჰქვია რაღაცის პიკი, რასაც, ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება“, – განუცახად მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.