მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარია იღებს პასუხისმგებლობას შსს-ს მოქმედებებზე, მაგრამ ნებისმიერი თანამდებობის პირს კონკრეტული დეტალების გარკვევის შემდეგ გაუადვილდება გადაწყვეტილების მიღება
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარია იღებს პასუხისმგებლობას შსს-ს მოქმედებებზე, მაგრამ ნებისმიერი თანამდებობის პირს კონკრეტული დეტალების გარკვევის შემდეგ გაუადვილდება გადაწყვეტილების მიღება

როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ მიიჩნია და მეც სწორად მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტული დეტალების უფრო სიღრმისეულად გარკვევის შემდეგ შეიძლება, დადგეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუ ჩვენმა სახელმწიფომ, საგამოძიებო ორგანოებმა ძალიან მალე ​არ დააყენეს კონკრეტული შედეგი, ეს არ არის თემა, რომელიც მარტივად ჩაივლის. აქედან გამომდინარე, ვერავინ გაექცევა ​შესაბამის შედეგებს და შესაბამის პასუხისმგებლობას. ჩვენ უნდა შევხედოთ იმ მინიმალურ შედეგებს მაინც, რაც შეიძლება, ძალიან მალე გამოძიებამ დადოს, ამის შემდეგ კი უფრო სწორი დასკვნები გავაკეთოთ. არ არის არანაირი პრობლემა პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. თქვენ ნახეთ, რომ იმ შეცდომასთან და რისკებთან დაკავშირებით, რომლის გამოც რუსი დეპუტატი წამოსკუპდა საქართველოს პარლამენტის სკამზე და მოინდომა ​ღონისძიების წაყვანა, პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გადადგა ვაჟკაცური ნაბიჯი, ყველას პასუხისმგებლობა აიღო ერთად. ასევე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნებისმიერი თანამდებობის პირი მოწოდებულია, თუ კონკრეტული საპასუხისმგებლო გარემოებები გამოიკვეთება, მათ შორის კიდევ უფრო ხისტად გამოძიების შედეგად, არანაირი პრობლემა არ აქვს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების, ამაში დარწმუნებული ვარ. პირდაპირ გეტყვით, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს ორგვარი: ერთი სამართლებრივი, მეორე პოლიტიკური. კონკრეტული ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ ის უშუალოდ ჩართული იყო რაღაცაში, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი საკითხი ბუნებაში არ შეიძლება დადგეს, რადგან ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. ინფორმაციიდან გამომდინარეც და ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ მიიჩნია და მეც სწორად მიმაჩნია, რომ ადამიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტული დეტალების უფრო სიღრმისეულად გარკვევის შემდეგ შეიძლება, დადგეს. ბუნებრივია, ის იღებს პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებზე, მაგრამ კონკრეტული დეტალების გარკვევის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს, თანამდებობის პირს გაუადვილდება რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.