მამუკა მდინარაძე – გიგა ავალიანის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა, რომლიდან გადახვევა შესაძლოა, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც
ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არამხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა, შეიძლება, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი.
„ეს არის ძალიან გახმაურებული, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, კაზუსუალურადაც კი საქმე, სადაც ხდება მუდმივად საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი საქმეში, იცოდა თუ არა მან კონკრეტული დანაშაულის შესახებ, დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები. იგივე შემიძლია, ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზეც გითხრათ, ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი იქ და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ამ წუთებში, მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება, უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში.
აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას. დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არამხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა, შეიძლება, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც.
დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება, შეიძლება, სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგებამდე მიყვანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირისადმი ბრალდება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული ემოციურ ფონზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.