მამუკა მდინარაძე - გერმანულ, მის მიმსგავსებულ ან ე.წ. ქართულ მოდელზე საუბარი აღარ ყოფილა, ვინ რა დათმო, დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს
მამუკა მდინარაძე - გერმანულ, მის მიმსგავსებულ ან ე.წ. ქართულ მოდელზე საუბარი აღარ ყოფილა, ვინ რა დათმო, დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს

დღეს საუბარი გაგრძელდა მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით და შემდეგი შეხვედრაც შეეხება ამ თემას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე დღეს დიალოგზე საუბარი არის თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან დათმობაზე წასვლა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გაკეთებული კომენტარებიდან ყველაფერი გასაგებია და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნა, ვინ წავიდა დათმობაზე.

„დასკვნა გამოიტანოს საზოგადოებამ. დღეს გერმანულ, მის მიმსგავსებულ ან ე.წ. ქართულ მოდელზე, რომელიც არის ასევე გერმანულის მსგავსი ჩვენი ოპონენტების თქმით, საუბარი აღარ ყოფილა. დღეს საუბარი გაგრძელდა მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით და შემდეგი შეხვედრაც შეეხება ამ თემას. ვინ რა დათმო, როგორ დათმო და რაშია რეალურად საქმე, ამ კომენტარიდან ალბათ ადვილი გასაგებია ყველასთვის. შემდეგი შეხვედრა როდის ჩატარდება, ვერ გეტყვით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ოპონენტებმა აიღეს გარკვეული დრო, რომ წავიდნენ და ერთმანეთში მოილაპარაკონ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ანუ ჩაშლასთან დაკავშირებით, რა წესზე უნდა დათანხმდნენ საბოლოოდ, ილაპარაკონ თუ არა დარწმუნებით ცალკე და საერთოდ გასწიონ თუ არა გვერდზე გერმანული მოდელი და ა.შ. პრინციპში ამაზე მზაობა უკვე გამოთქვეს მათ და ამის შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი