მამუკა მდინარაძე - გედევან ფოფხაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მომმართა
მამუკა მდინარაძე - გედევან ფოფხაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მომმართა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მას ფრაქციის დატოვების შესახებ მიმართა. მისივე ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ანალოგიური განცხადებით მიმართა პარტიასაც.

„გუშინ გვქონდა ერთ-ერთი მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიის ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე. მიმდინარე საკითხებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც იყო საუბარი. როგორც იქიდან გამოსულმა ჩვენმა კოლეგებმა გვითხრეს, იყო ძალიან საინტერესო, გულწრფელი საუბარი, არავის გარიცხვაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე წევრმა თავად დატოვა ჩვენი პარტია. მე, პირადად, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, განცხადებით მომმართა ფრაქციის დატოვებაზე გედევან ფოფხაძემ. როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან სამწუხაროდ, იმ მიზეზით, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც უნდა ემოციებზე და პიარზე დაგეგმილი კამპანია იყოს, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.