მამუკა მდინარაძე - გავარკვევთ, რატომ არ მიუღია უკრაინას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიიდან დასკვნა და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, აზრი აქვს თუ არა გადაგზავნას
მამუკა მდინარაძე - გავარკვევთ, რატომ არ მიუღია უკრაინას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიიდან დასკვნა და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, აზრი აქვს თუ არა გადაგზავნას

​თითქმის ერთი წელია, უკრაინას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიისთვის უკვე გადაგზავნილი აქვს დასკვნისთვის და დღემდე არ მიუღიათ პასუხი, გავარკვევთ, რატომ არ მიუღია უკრაინას დასკვნა და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, აზრი აქვს თუ არა გადაგზავნას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკამ მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „უკრაინაში კარგი კანონი დაწუნებულია საქართველოში და ეს არის ოპოზიციის წარმომადგენლების „გაპრავების“ მეთოდი“.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ფაქტი არის ერთი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული რეკომენდაციების შესრულებას მხარს არ უჭერენ.

„როგორც არ უნდა შეფუთონ, როგორი პიარული სვლებითაც არ უნდა დაალაგონ, ფაქტი არის ერთი, რაც ხელის გულზე დევს, რომ ისინი ევრორეკომენდაციების შესრულებას მხარს არ უჭერენ. ცალკე აღებული, რას მოიგონებენ თითოეული პუნქტის ჩასაგდებად, უკაცრავად და როგორ „გაიპრავებენ“ თავს, ეს მეასეხარისხოვანია. ფაქტი სახეზეა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებას მხარს არ უჭერენ. ხან რას იგონებენ და ხან რას.

რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, უკრაინაში კარგი კანონი დაწუნებულია საქართველოში, ეს არის მათი „გაპრავების“ მეთოდი. ერთადერთი ფრაზა, რომელიც დაიჭირეს ევროკომისრის განცხადებიდან, რომ სასურველი იქნებოდა ვენეციის კომისიაში გადაგზავნა. სხვა არაფერი მოეწონათ, პრორუსი ეძახეს. ამ დროს ჩვენ მათ ვუთხარით და საზოგადოებას ავუხსენით, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, როცა ჩვენ ვიცით, რომ თითქმის ერთი წელია, უკვე უკრაინას ანალოგიური კანონი გადაგზავნილი აქვს დასკვნისთვის და დღემდე არ მიუღიათ პასუხი, სამართლებრივ შეფასებას ჩვენ გავარკვევთ. ამასთან დაკავშირებით გავმართავთ კონსულტაციებს, რატომ არ მიიღო უკრაინამ ანალოგიურ კანონპროექტზე და უკვე მიღებულ კანონზე დასკვნა და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გადავგზავნოთ თუ არა და აზრი აქვს თუ არა ამ გადაგზავნას. ხომ არ არის ის შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, ვენეციის კომისია საერთოდ არ აპირებს ამ კანონზე დასკვნის გაცემას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ევრორეკომენდაციების შესრულებას, ამ პროცესს არ შევაფერხებთ, რაც არ უნდა პიარულად და პროპაგანდისტულად, მავნებლურად დაალაგონ მათ ეს ყველაფერი და პირნათელი ვიქნებით იმ დედლაინის და რეკომენდაციების წინაშე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და რისი შესრულებაც გვაქვს მიზნად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.