მამუკა მდინარაძე - გამსაღებლების მიმართ ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ, ხოლო მომხმარებლების მიმართ - ლოიალური
მამუკა მდინარაძე - გამსაღებლების მიმართ ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ, ხოლო მომხმარებლების მიმართ - ლოიალური

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე ამბობს, ეს ადამიანი არაკანონიერად იყო დაკავებული, შეუძლიათ იდავონ.

მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, ეს მოლოდინი ალბათ არ გამართლდება.

დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდი ორი რადიკალური პოზიციიდან, რომელიც საზოგადოებასა და უმრავლესობაში არსებობს, ყველაზე რაციონალური კომპონენტის ამოღებას ცდილობს.

„ერთი მხრივ, გასაღებასა და მოხმარებას შორის რისკები უნდა გამოვრიცხოთ. გამსაღებლების მიმართ ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ, ხოლო მომხმარებლების მიმართ ლოიალური და შესაბამისი ცენტრები შევქმნათ, რათა ისინი საზოგადოებას დავუბრუნოთ. რაც შეეხება მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, ეს მოლოდინი ალბათ არ გამართლდება. ამ საქმეს მეორე მხარე აქვს. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ადამიანი არაკანონიერად იყო დაკავებული, წინ სასამართლოს ორი ინსტანცია არსებობს და შეუძლიათ, იდავონ. თუ ერთი პროცენტი ეჭვი არსებობს, ნებისმიერ ადამიანს წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა მდინარაძემ.