მამუკა მდინარაძე - გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით საქმის კურსში რამდენიმე ადამიანი ვიყავით
მამუკა მდინარაძე - გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით საქმის კურსში რამდენიმე ადამიანი ვიყავით

ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი პირველივე წუთებიდან იყო ირაკლი ღარიბაშვილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა იქნას მიღებული.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს დილიდან არ გვქონდა ორდინალური სიტუაცია და იცით, რომ გუნდის წევრთა უმრავლესობისთვის პრემიერ გახარიას გადადგომა იყო მოულოდნელი, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომელთანაც მას ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომუნიკაცია, ვიდრე განცხადებას გააკეთებდა და საქმის კურსში ვიყავით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ამ არაორდინალური სიტუაციის გამო, ამავდროულად, როცა ქვეყანაში არის სამწუხაროდ, ისეთი პოლიტიკური ძალა, მეორე თავისი რეიტინგით თუ მხარდაჭერით საზოგადოებისგან, ცდილობს ეს ძალა, რომ შექმნას პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა ჩაითრიოს ქაოსში, ჩვენ გვმართებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენ, ძალიან მალე, გიორგი გახარიას განცხადებიდან დავიწყეთ ამაზე ფიქრი. ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი თავიდანვე, პირველივე წუთებიდან, როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ იყო ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ, უკვე პოლიტსაბჭოს ფორმატშიც მასზე იყო საუბარი. პრაქტიკულად, ლიდერები უკვე ამაზე იყვნენ ჩამოყალიბებული. შემიძლია გითხრათ და სხვა კანდიდატთან დაკავშირებით აქვე გეტყვით, რომ არ გვიმსჯელია. პოლიტსაბჭოს მხრიდან იყო ერთხმად მხარდაჭერა და შემდეგ როგორც უკვე გითხარით, უმრავლესობის მხრიდანაც ასეთივე მხარდაჭერა იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.