მამუკა მდინარაძე - გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ვნახეთ ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია
მამუკა მდინარაძე - გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ვნახეთ ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია

გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ვნახეთ ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, ორდღიანი ფიქრის, პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ, უდიდესი ალბათობით, ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის, პერსონის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი. ეს რეაქცია არის ჩვენ მიერ იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. 50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის, ორშაბათს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.