მამუკა მდინარაძე - ფსევდო პროდასავლური მიხეილ სააკაშვილი კოლონიალიზმზე ლაპარაკობდა, როდესაც დასავლეთზე ჰკითხეს, ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს
მამუკა მდინარაძე - ფსევდო პროდასავლური მიხეილ სააკაშვილი კოლონიალიზმზე ლაპარაკობდა, როდესაც დასავლეთზე ჰკითხეს, ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს

ქვეყნის შიგნით გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიღებთ, რომლებშიც ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ასევე ვითვალისწინებთ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს და ამაში ცუდი არაფერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ეს ქვეყნები დემოკრატიის ხარისხით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ჩვენზე გაცილებით წინ არიან და ისინი რეკომენდაციებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვაძლევენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ უნახავს, მაგრამ თუ ასეთი რამ თქვა, არ ეთანხმება.

„მახსენდება ფსევდო პროდასავლური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც კოლონიალიზმზე ლაპარაკობდა, როდესაც დასავლეთზე კითხვა დაუსვეს. ალბათ, ვერ მოითმინა და ქვეცნობიერიდან დასავლეთის მიმართ რეალურმა დამოკიდებულებამ ამოხეთქა. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: „სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები“.

დატოვე კომენტარი