მამუკა მდინარაძე - ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენი გადაუხადოს კომერციულ ბანკებს
მამუკა მდინარაძე - ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენი გადაუხადოს კომერციულ ბანკებს

ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, რამდენიც საჭირო იქნება პორტფელის შესასყიდად, იმდენი გადაუხადოს კომერციულ ბანკებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„სახელმწიფოს როლი ის იყო, რომ რამდენიმე თვეა, ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის მედიატორია სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული. დღეს დაიდო კონკრეტული შედეგი, რომელიც რომან გოცირიძეს არ უხარია. 600 000 ადამიანი შეძლებს, გაპრობლემებული ვალების გარეშე შეხვდეს ახალ წელს. გუშინ, სამის ნახევარზე მიიღეთ კონკრეტული პირებისგან ინფორმაცია, რომ დღეს ცნობილი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება. გამოვარდა თქვენი ე.წ. კანდიდატი, ხელისა და ფურცლების კანკალით დააანონსა, რომ იქნებ მიეწერა რამენაირად, ეს გააკეთოთო და რა ქნა?! თუ დღეს დანაშაულს უწოდებთ, დანაშაულისკენ მოგვიწოდა, თუ რაში იყო საქმე? ჩამოყალიბდით, რას ამბობთ, ცუდია? კარგია? მაგრამ მთავარია ერთი – რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ხელისუფლებამ, ბანკების, ფონდ „ქართუს“ ხელშეწყობითა და დიდი დამსახურებით მიაღწია იმას, რომ 600 000 ადამიანი და ოჯახი შეხვდება ახალ წელს ვალების გარეშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მიკროსაფინანსო კომპანია Vivus.ge-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია მზად არის, ვალების განულების საკითხზე მათ მიერ დასახელებული პირობების ფარგლებში მოლაპარაკება აწარმოოს.