მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველო“ ატყუებს საზოგადოებას და რაც მთავარია, ატყუებს ზაზა სარალიძის ოჯახს
მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველო“ ატყუებს საზოგადოებას და რაც მთავარია, ატყუებს ზაზა სარალიძის ოჯახს

ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე მთავარია, ატყუებთ ოჯახს, რომელიც დაზარალდა, რომელიც გამოვიდა ქუჩაში, ატყუებთ ზაზა სარალიძეს, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

მისი თქმით, საინტერესოა, რა პოზიციას დააფიქსირებს „ევროპული საქართველო“ „ქართული ოცნების“ დადგენილების პროექტში ასახულ რეკომენდაციებზე.

„იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევით, რადგან შეუძლებელია, ამ თქვენი სამსახიობო მონაცემების შემდეგ, რომელიც დღეს გამოამჟღავნეთ და ეს შეშურდებოდა ნებისმიერ რეჟისორს, ვერ ან არ დაეთანხმოთ იმ რეკომენდაციებს, რომელთაც ჩვენ გავცემთ, მაგრამ პიარულად ეს შეიძლება წამგებიანი იყოს თქვენთვის, რადგან იძულებული იქნებით, დაეთანხმოთ იმას, რაც ჩვენს რეკომენდაციებში წერია.

ორი მთავარი კითხვა იყო, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა და ამაზე უნდა გაგვეცა პასუხები. პირველი, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები იმის სათქმელად, რომ კონკრეტული პირის დადანაშაულება მოხდეს.

და მეორე, ვინმე უხეშად ხომ არ ჩაერია გამოძიებაში და ხომ არ ჰქონდა ადგილი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას. თქვენი ეს მსახიობური პათოსი აღშფოთებას იწვევს. მე გეტყვით, რატომ იწვევს ეს ცუდ რეაქციებს ჩვენგან – ორი დღეა, ვერ გათქმევინეთ, გავეცით თუ არა პასუხი სასიკვდილო ჭრილობასთან დაკავშირებით საზოგადოებას და პასუხი არის არა და ვერა. იმიტომ კი არა, რომ კომისიამ არ იმუშავა, იმუშავა ძალიან კარგად, მაგრამ ამაზე პასუხი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობებია.

„კი ბატონო, კიდეც რომ დაგეთანხმოთ თქვენი რეკომენდაციის ფარგლებში, რომ მუშტის დარტყმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია განიხილოს ვიღაცამ როგორც მკვლელობაში მონაწილეობა, თქვენივე დაწერილი რეკომენდაცია ყველანაირი იურიდიული ლოგიკით გამორიცხავს მეორე მოცემულობას, რომ ამავე ადამიანმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. ეს არის ლაფსუსი, რასაც თქვენ უშვებთ და დასხდებით ხოლმე მერე დარწმუნებული ვარ და პიარს დაალაგებთ ასე: რომ ჩვენ თუ კონკრეტული პასუხი გავეცით, მაშინ აღმოვჩნდებით ცუდ მდგომარეობაში, რომ ჩვენი გაცემული რეკომენდაცია იქნება სისულელე. ან ერთი უნდა თქვათ, ან მეორე. ამას ვერ ახერხებთ ერთადერთი მიზეზის გამო – რადგან ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე ცუდია, ატყუებთ ოჯახს, რომელიც დაზარალდა, გამოვიდა ქუჩაში, მოითხოვა პასუხი და ატყუებთ ზაზა სარალიძესაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.