მამუკა მდინარაძე - ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც და ურჩიეს, შევიდნენ პარლამენტში
მამუკა მდინარაძე - ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც და ურჩიეს, შევიდნენ პარლამენტში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირმა ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისგებლობის საკითხსაც გაუსვა ხაზი.

მდინარაძის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდა „ქართულ ოცნებას“ არასოდეს დაუტოვებია და პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება.

„ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ჩვენთან ერთად ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხს. მიუთითეს, ურჩიეს, რომ მათი კონსტრუქციული როლი არის გადამწყვეტი და უნდა შევიდნენ პარლამენტში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის სტილია, რაც არ მოსწონთ, იმის დაიგნორება, ამოიკითხავენ იმ ფრაზას, რაც შეიძლება, ჩვენი კრიტიკა იყოს და ამაზე აქვთ აწყობილი მთელი მესიჯბოქსი. როცა „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების მაგიდა არასოდეს მიუტოვებია, პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. სწორედ ამის ძალიან ნათელი და მკაფიო გამოხატვა იყო ევროკავშირის განცხადებაც.

როცა განცხადება მათაც ეხებათ, არგუმენტენს უძებნიან ან აიგნორებენ და ცდილობენ, ინფორმაციაც არ გავრცელდეს. ჩვენ მიმართაც იყო საკმაო კრიტიკა, თუმცა პასუხისმგებლობა არ არის ცალმხრივი, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ორმხრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება და მოლაპარაკების მაგიდასთან რაციონალური წინადადებების წარდგენა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას წაადგება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, პარლამენტში შესვლის ჩათვლით“. ამასთან, აღნიშნულია, რომ პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხეს ქმნის.

დატოვე კომენტარი