მამუკა მდინარაძე - ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს, „ენჯეოებმა“ კი ჩამოკიდეს ორ თემაზე - „გამჭვირვალობისა“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონების გაწვევაზე
მამუკა მდინარაძე - ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს, „ენჯეოებმა“ კი ჩამოკიდეს ორ თემაზე - „გამჭვირვალობისა“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონების გაწვევაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მაშინ, როცა ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, „ენჯეოებმა“, თავიანთ „პატრონებთან ერთად“, ევროინტეგრაცია ჩამოკიდეს ორ თემაზე – „გამჭვირვალობის კანონისა“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის“ გაწვევაზე.

„სინამდვილეში „ენჯეოები“, იცით, რას აკეთებენ? მაგალითად, ავიღოთ ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს უამრავ, ათასობით და ათიათასობით კომპონენტს. როგორი წვრილმანი დავასახელო, არ ვიცი, აი, შეფუთვის ხარისხიდან დაწყებული ასოცირების ხელშეკრულება იმდენ ნიუანსს ითვალისწინებს და მართლა მატარებელი რომ რელსებზე დგას და მიდის გუგუნით, თითოეულ რეფორმაში ათასობით ნიუანსია ასეთი, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ, რეფორმა რეფორმაზეა, ათასობით და ათიათასობით საჯარო მოხელეა ამაში ჩართული, დღე და ღამეს ასწორებენ ევროინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც ასეთ დეტალებზე და ნიუანსებზე გადის და რას აკეთებენ ეს „ენჯეოები“ თავიანთ პატრონებთან ერთად? ორ ამბავს ჩამოკიდეს ადამიანების ტვინში, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში, თორემ ობიექტურად ფიქრს ვინც ახერხებს, იმათ ტვინში კი არა, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში ჩამოკიდეს ორ თემაზე: ერთი, თურმე, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე ვერაფერი რომ ვერ თქვეს, „გამჭვირვალობის კანონი“ გაიწვიეთო, და მეორე, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი“ გაიწვიეთო. თურმე ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია. ევროპის აღქმას უფრო მეტ ზიანს ვინ აყენებს, ვიდრე ამის მამტკიცებელი ხალხი?!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.