მამუკა მდინარაძე – ეს არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება, სააკაშვილის რეჟიმის ღალატი ქვეყნის მიმართ, მთელ მსოფლიოს რომ აჩვენა დაბომბვა 7 აგვისტოს და მეორე მხრივ ის, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს
რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე. ყველა დოკუმენტალური მტკიცებულება მიუთითებს, რომ რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში შემოიჭრა 8 აგვისტოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ შინდისში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის რეგულარულმა არმიამ განახორციელა ოკუპაცია, მტრული საქმიანობა, ომის დანაშაულებიც ჩაიდინა, რაც ქართველ სამხედროებს ქართულმა ხელისუფლებამ დააბრალა.
„რაც შეეხება 7 აგვისტოს, 7 აგვისტოს სააკაშვილმა გასცა ბრძანება და მისი ბრძანებით განახორციელა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები, რაც, ჩემი აზრით, ასევე მიზანმიმართულად აჩვენა მთელ მსოფლიოს. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, შეფასებაც კი არ სჭირდება. 7 აგვისტოს განახორციელა დაბომბვები ცხინვალის მიმართულებით და სატელევიზიო ეთერში გადასცემდნენ, პირდაპირი მტკიცებულება შეუქმნა. არანაირი საბაბი და მიზეზი არ ამართლებს რუსეთის შემოჭრას საქართველოში, მას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა შემოჭრის უფლება, ის შემოიჭრა საქართველოში, განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედება და ეს იყო 2008 წლის 8 აგვისტოს. ამის საწინააღმდეგო არც მტკიცებულება არსებობს, არც ლოგიკა. შემდეგ ორ თვეში, მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერით, მათ დაადასტურეს, რომ მათ უღალატეს საკუთარ ქვეყანას, ომის დანაშაული, როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ, დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეუქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რომელ დღეს და რომელ წუთზე დაიწყო. იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს და ამ ომის დანაშაულში ქართულმა მხარემ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, უზრუნველყო, რომ მოგვეგო საქმე მათ მიერ მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი რეზოლუციის მხარდაჭერის მიუხედავად. ეს არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება, ერთი მხრივ, სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი საკუთარი ქვეყნის მიმართ და მთელ მსოფლიოს რომ აჩვენა დაბომბვა 7 აგვისტოს და მეორე მხრივ ის, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს. ეს არის ორი მოცემულობა, ორი დღის ინტერვალში. ცხინვალი დაბომბა თუ სხვა დასახლება, ფაქტობრივი მოცემულობა არის, რომ ცხინვალის მიმართულებით დაბომბვა მთელ მსოფლიოს აჩვენა. შექმნა მტკიცებულება, დიახ, ნამდვილად დაბომბა. რომელი ბომბი რომელ კორპუსს მოხვდა, აცდა თუ მიმდებარე ტერიტრიაზე ისროლა, ამაზე რომ არ ვიდაოთ, საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, რუსეთი რას აკეთებდა მაგალითად, პირველიდან შვიდი აგვისტოს მონაკვეთში, მამუკა მდინარაძემ უპასუხა: „მიდიოდა ესკალაცია, რომელშიც ასევე მიუძღვოდა ბრალი რუსეთს“.
„დიახ, იყო სამხედრო ესკალაცია, თუმცა არასრულმაშტაბიანი და სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ღონისძიება ჩვენ წამოვიწყეთო. დიახ, იბომბებოდა, დიახ, დაჭრილებიც იყვნენ, 5-ში მათ შორის, წადით, ჰკითხეთ სამხედროებს, 6-ში ორი გარდაცვლილი და ა.შ. ამის მიუხედავად, არც გაერო-ს უშიშროების სხდომა უხსენებია, არა თუ მოუწვევია ვინმეს და არც არაფერი უღონია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაემართლებინა. ამის ნაცვლად, მან დაიწყო მასირებული დაბომბვა, ოღონდ არცერთი მტკიცებულება არ ეჭირა ხელში ისე, რომ რუსული რეგულარული არმია საქართველოში იმყოფებოდა. ახლა ამბობენ სიტყვით და ეს სიტყვით ნათქვამი არსად წერია, სამწუხაროდ. შესაბამისად, თუ არ გინდათ, რომ მოღალატეობრივ მათ მოქმედებებს მოღალატეობრივი „გაპრავება“ დავამატოთ ზემოდან, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, სამწუხაროდ, გასცა ბრძანება მასობრივი დაბომბვის და ეს ყველამ ვნახეთ, საკუთარი თვალით და საკუთარი ყურით მოვისმინეთ. რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 8 აგვისტოს, რითაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც დამთავრდა, გახსოვთ რომელი ხელმოწერითაც, 12 აგვისტოს. თუ გაინტერესებთ კითხვაზე პასუხი, როდის დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, 8 აგვისტოს და დაიწყო რუსეთმა, ოკუპანტმა ქვეყანამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.