მამუკა მდინარაძე - ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა დანილოვმა ის, რასაც ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით თვეზე მეტია ვამტკიცებთ
მამუკა მდინარაძე - ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა დანილოვმა ის, რასაც ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით თვეზე მეტია ვამტკიცებთ

რასაც ჩვენ თვეზე მეტია ვამტკიცებთ ფაქტებზე და რეალურ, რელევანტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ის ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა სამწუხაროდ დანილოვმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, მსგავსი მოწოდება მიზნად ისახავს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს.

„მან თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, უნდა შევეხიდოთ მათ და რუსეთმა აქ უნდა გადმოიტანოს ყურადღება. ჩვენ სოლიდარულები ვართ, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვუწევთ როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე პოლიტიკურად ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ჰააგასთან მიმართებაში თანაინიციატორი ვიყავით წინადადებისა რუსეთის წინააღმდეგ. ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ის, რომ აქ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩვენ დეოკუპაცია მოვახდინოთ ომის გზით, ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს, ამ ქვეყანას ჰქონდეს გამოუსწორებელი კატასტროფული შედეგები“, – განაცხადა მდინარაძემ.