მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთი არასამთავრობო მოგვიწოდებს, აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, ვპირდები, უფრო მეტი სარჩელი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღიურად კადრულობენ
მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთი არასამთავრობო მოგვიწოდებს, აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, ვპირდები, უფრო მეტი სარჩელი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღიურად კადრულობენ

ჩვენ ნებისმიერ ბრალდებაზე ვერ მოვიცლით და ვერ გვექნება რეაგირება, მაგრამ სარჩელები კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღიურად კადრულობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას.

„უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იყო საუბარი არჩევნებზე რუსთავსა და ბათუმში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებზე. მოვისმინეთ, თითქოს ეს ცვლილება შეეხება კომპეტენციების ნაწილში გარკვეულ საკითხებს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება, კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კონკრეტული ფარგლები. ასევე, შევეხეთ ძალიან უცნაურ საკითხს. დღეს ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა და ის მოგვიწოდებს, აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, რაც წარმოუდგენელია, უპრეცენდენტო მოვლენაა. არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული, ანუ სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა. მე ვპირდები ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ „ნაცმოძრაობას“ ამგვარად დაუჭიროს მხარი, ეს ქმედებები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ნებისმიერ ბრალდებაზე ვერ მოვიცლით და ვერ გვექნება რეაგირება, მაგრამ სარჩელები კვლავ კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ. ნურავის ექნება ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ასე უბრალოდ გატარდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გრძელდება მცდელობა, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიონ.

„ასევე, ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ის კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ, გრძელდება. რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით და დღეს „ნაცმოძრაობის“ ბელადმა სასამართლო პროცესზე თქვა: მე იმიტომ ჩამოვიდოდი, ვიცოდი ეს მოხდებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს მისი პარტიის ყველა წარმომადგენელს და ამას ვერსად გაექცევიან. ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს დებს და ძმებს მივმართავ, არანაირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა იქნას დეოკუპაციისათვის, არ არსებობს. თუ ვინმე მიზანმიმართულ პროვოკაციებს ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც „ნაცმოძრაობასა“ და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში, ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული აგრესიის კვალდაკვალ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.