მამუკა მდინარაძე - ექიმთა ჯგუფიდან უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, ერთ-ერთი აქციებშიც მონაწილეობდა, მეორე „მთავარი არხის“ თანამშრომლის მამა აღმოჩნდა, ამ ყველაფერში შეიძლება, ეჭვის საფუძველი იყოს
მამუკა მდინარაძე - ექიმთა ჯგუფიდან უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, ერთ-ერთი აქციებშიც მონაწილეობდა, მეორე „მთავარი არხის“ თანამშრომლის მამა აღმოჩნდა, ამ ყველაფერში შეიძლება, ეჭვის საფუძველი იყოს

შეგვიძლია, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ, რომ კონსილიუმის წევრები იყვნენ მიკერძოებულები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექიმების შემადგენლობიდან უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ერთ-ერთი კი აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, რაც შესაძლოა, ეჭვის საფუძველი იყოს.

„ნინო ლომჯარიამ ორი ფაქტის შესახებ დამალა – სოციალურ ქსელში გუშინ ვისაც მადლობას უხდიდა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი იყო მისი მამიდაშვილი, თუ არ ვცდები, ნაცვალაძე და ასევე იყო „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი. ამ ადამიანების დახმარებით შეიკრიბნენ ყველა არა, მაგრამ ძირითადად კონსილიუმის აქტიური მხარდამჭერები და შესაძლებელია იყოს პოლიტიკური მიკერძოება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ასეა. როგორც ჩანს, ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში, რადგან გუშინ ვხედავდით, რომ კონკრეტულად ისინი არ იმეორებდნენ იმავეს, რასაც გვარამია ამბობდა – ახლა არ არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ შეიძლება, შესაძლებელია გართულდეს და ექიმები დაშვების დონეზე საუბრობდნენ. მაინც ექიმები არიან და რაც არ უნდა პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ, სხვებისგან განსხვავებით, რაღაცებს არ კადრულობდნენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ თუ ეს დასკვნა არ არის ობიექტურობასთან ახლოს, მაშინ ტენდენციურობა შეიძლება დაბრალდეს ერთ რამეს, რომ მათი უმრავლესობა არის „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი, ეს შეგიძლიათ მოიძიოთ. მათგან ერთ-ერთი აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, მეორე „მთავარი არხის“ თანამშრომლის მამა აღმოჩნდა. სულ მცირე, ამ ყველაფერში შეიძლება, ეჭვის საფუძველი იყოს“, – განაცხადა მამუკა მდნარაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.