მამუკა მდინარაძე -  ეკონომიკური აღდგენის მიმართულებით პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ამბიციური გეგმა წარმოადგინა
მამუკა მდინარაძე - ეკონომიკური აღდგენის მიმართულებით პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ამბიციური გეგმა წარმოადგინა

პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა საკმაოდ ამბიციური გეგმა ეკონომიკური აღდგენის მიმართულებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება. ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის მყარი საფუძველი აქვს.

„რეგიონებში, დედაქალაქში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტები გაგრძელდება. ასევე იწყება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია. იცით, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველომ პოზიციები და ქულები შეინარჩუნა. ჩვენ შესაბამისი სარეიტინგო ქულები პირიქით, გაუმჯობესებული გვაქვს. ამიტომ გვაქვს რეალური საფუძველი იმის ვარაუდის და მხოლოდ ვარაუდი არ არის, რომ ინვესტიციების მოზიდვას შევძლებთ. ამის ძალიან მყარი საფუძველი გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ეკონომიკური აღდგენის გეგმა სწრაფად განხორციელდეს, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვას.

„ასევე, ჩვენ საკმაოდ გეგმაზომიერი ეკონომიკის გახსნის პროცესი დავიწყეთ. შევეცდებით, საზოგადოებაც ჩავრთოთ და დავარწმუნოთ, რომ რეკომენდაციების დაცვა იქნება აუცილებელი, რათა ეკონომიკური აღდგენის გეგმა სწრაფად განხორციელდეს. მაგალითად, პრემიერმა ილაპარაკა სოფლის პროგრამებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთონ. ელემენტარულად, პირბადის გაკეთების მაჩვენებელს თუ ავიყვანეთ მაღალ პროცენტზე და მივუახლოვდით მაგალითად, 80-85 პროცენტს, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკასა და მის ზრდაზე. ჩვენ ამ ძალიან ცუდი მდგომარეობიდან სწრაფად უნდა გამოვიდეთ. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენზე 10-ჯერ დიდი ეკონომიკა მსოფლიოში სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას. საზოგადოებრივ კონსოლიდაციასთან ერთად, ხაზგასასმელია პოლიტიკური სტაბილურობა, სადაც პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ჩვენი მეტია, მაგრამ ყველა მხარემ უნდა იგრძნოს, მათ შორის, რაც არ უნდა რადიკალური იყოს ოპოზიცია, რომ პირველ პლანზე ქვეყნის ინტერესები იყოს წამოწეული, რათა ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან ერთად, გავუფრთხილდეთ ქვეყნის ეკონომიკასაც და პროგრესი გვქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.