ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება
ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება.

როგორც პირველ არხს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სპეციალური ნორმები, სპეციალური სუბიექტი შემოდის, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება.

მისი თქმით, საუბარი იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რაზეც საკმაოდ მკაცრი სანქციები იქნება გათვალისწინებული.

დეპუტატი ამბობს, რომ „გირგვლიანის შესწორებები“ სიმბოლური დასახელებაა და ცვლილებები მხოლოდ მსგავსი დანაშაულის ჩადენას არ შეეხება.

„საუბარია წინა რეჟიმის დროს დამკვიდრებულ სხვადასხვა სისტემურ დანაშაულზე და ეს მუხლი ასეთი დანაშაულების პრევენციას უზრუნველყოფს. მართალია, ამ კანონს უკუქცევითი ძალა ვერ ექნება და ის წინა ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლებზე ვერ გავრცელდება, თუმცა მას პრევენციის თვალსაზრისით ძალიან კარგი ეფექტი ექნება”, – განაცხადა მდინარაძემ

მიმდინარე წლის 29 იანვარს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას ახალ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც მამუკა მდინარაძემ „გირგვლიანის შესწორებები“ უწოდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის თავს საზოგადოების წინაშე, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდრო გირგვლიანისა და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური, სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.