მამუკა მდინარაძე - ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის პირით კიდევ ერთხელ იუზრდელა
მამუკა მდინარაძე - ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის პირით კიდევ ერთხელ იუზრდელა

ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის პირით კიდევ ერთხელ იუზრდელა – ამის შესახებ პირველ არხს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გახსნილი იყო და არგუმენტებით მსჯელობდა.

„ამას მწვავე განცხადებას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის პირით კიდევ ერთხელ იუზრდელა და ეს ხდება მაშინ, როცა მათ არგუმენტების სიმყარეში ეჭვი ეპარებათ ხოლმე და ცდილობენ, ეს ყველაფერი დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის ჩარჩოში გადაიტანონ და ძირითადი აქცენტები ამაზე გაკეთდეს.

ნახეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო გახსნილი და ღია და არგუმენტებით მსჯელობდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დისკუსიაზე პასუხი უზრდელობით იყო, რაც პირველი არ იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ „კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე, მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება“.

დატოვე კომენტარი