მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი ალბათობით, საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან
მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი ალბათობით, საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობით, საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან, ერთი მხრივ, მირზა სუბელიანი აშანტაჟებს ხელისუფლებას, სავარაუდოდ ეს პირველი არ უნდა იყოს, მაგრამ ამის შედეგი არის ის, რომ ის ციხეში ზის და პატიმრობა აქვს შეფარდებული, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ასევე ძალიან საინტერესოა და გამოძიებამ დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, ვინ დააშანტაჟა ის ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რაში იყო საქმე, რომ ჩანაწერები ჯერ განხორციელდა, შემდეგ გამოვიდა და მისივე თქმით, ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელევიზიო ეთერში.

„წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ერთი მიზეზით, რასაც სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თურმე რაღაც კრიმინალური დაჯგუფებები, შეიარაღებული ბანდა დათარეშობდა თბილისისა და საქართველოს ქუჩებში, ისინი თურმე აწამებდნენ ადამიანებს – როდესაც ეს ხდებოდა, ყველამ ყველაფერი იცოდა, დღეს ასეთი არც აღქმაა და არც ინფორმაცია საზოგადოებაში. მსგავსი რაღაც არ არსებობს და აქედან გამომდინარე, საოცრებებს ლაპარაკობს ეს კაცი. მეორე მხრივ, თუკი რაიმე დეტალთან დაკავშირებით რომელიმე კითხვის ნიშანი დარჩება საზოგადოებაში, ადამიანების აღქმაში, ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ გამოძიებამ დეტალურად შეისწავლოს, არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.

დატოვე კომენტარი