მამუკა მდინარაძე - დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ იყო ნახსენები, რამაც ოპოზიცია შოკში ჩააგდო
მამუკა მდინარაძე - დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ იყო ნახსენები, რამაც ოპოზიცია შოკში ჩააგდო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების საკითხი ნახსენები არ ყოფილა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არც ერთ იმ საკითხზე, რომელსაც ულტიმატუმის სახით აყენებდა, კომპრომისული ნაბიჯი არ გადადგა.

„20-ზე მეტი პუნქტი იყო ქვეპუნქტებად ჩაშლილი, მაქსიმუმ სამ-ოთხზე იყო სადისკუსიო და სამსჯელო, თუმცა აქამდე საქმე არ მისულა, რადგან ყველაზე მთავარ თემებზე, რომელსაც ოპოზიცია ულტიმატუმის სახით აყენებდა, ნაბიჯიც კი არ გადმოიდგა – არათუ კომპრომისული, არამედ საერთოდ არ განხილულა. „ქართული ოცნება“ მზად იყო და არის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო მცირედი შესწორებებით. საუბარია ისეთ დეტალებზე, რაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის – პროკურორისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე. არათუ სერიოზული კომპრომისი, არამედ ნაბიჯიც კი არ გადმოდგეს და ასე დარჩა ბოლო წამამდე. ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, მოლაპარაკება ვერ შედგებოდა. დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ იყო ნახსენები, რაც ევროკავშირის ბუნებრივი პოზიცია გახლდათ და ამან შოკში ჩააგდო ოპოზიცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმა იყო დოკუმენტში ასახული რეფორმების გატარებაზე, გარდა მოსამართლეების, პროკურორისა და ცესკო-ს თავმჯდომარის ხმათა ორი მესამედით არჩევისა.

„რაც შეეხება რეფორმებს, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში რაც კი რეფორმაა ჩამოთვლილი, ყველაფრის გათვალისწინებას ვაპირებთ, რადგან მმართველი გუნდისთვის არც ერთი რეფორმა მიუღებელი არ არის. რამდენიმე საკითხზე იყო საუბარი. მაგალითად, ორი მესამედი სადაც ეწერა, ყველამ ვიცით, რომ არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ევროკავშირში ქვეყანა არ არსებობს, სადაც პროკურორის, მოსამართლისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ხმათა ორი მესამედით ხდება. ეს ხომ საიდანღაც მოვიდა? ჩემი ვარაუდია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელმა დააყენა ეს საკითხი.

ვიღაცას მომავალში არჩევნების გაყალბება რომ მოუნდეს, დაგეგმილი საარჩევნო რეფორმით ამის შესაძლებლობა ნულია, მაგრამ საბოტაჟის რისკიც ხომ ნულზე უნდა დავიყვანოთ? იმის ხარჯზე, რომ გაყალბების რისკი ნულზე დაგვყავს, საბოტაჟის რისკს 100 პროცენტზე ვწევთ. ეს სამსჯელო დეტალები იყო, მაგრამ მათი ულტიმატუმების გამო, მსჯელობამდე საქმე ვერ მივიდა“, – განაცხადა მდინარაძემ.