მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიანაც უხარიათ დმანისში მომხდარი ინციდენტი, მაგრამ გასახარად არ აქვთ საქმე
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიანაც უხარიათ დმანისში მომხდარი ინციდენტი, მაგრამ გასახარად არ აქვთ საქმე

დმანისში მომხდარ ინციდენტს გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დმანისში ორი ადამიანის დაჭრასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ დღეებში მცდელობების მთელი კასკადი იყო, რომ ვინმე წამოეგოთ პროვოკაციაზე და „ნაციონალებს“ ეს გამოუვიდათ.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, დილიდან მიდიოდა მცდელობა, რომ რამენაირად პროვოკაციაზე წამოეგოთ კონკრეტული ადამიანები და როგორც ჩანს, ეს გამოუვიდათ, თუმცა არც ეს და არც სხვა გამართლება არ აქვს, რაც მოხდა. როდესაც ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედების ჩადენა, იმას არავინ დაიცავს და ყველამ გაითვალისწინოს ეს ამბავი, არავინ დაიცავს ადამიანს, რომელიც სავარაუდო დანაშაულს ჩადის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დმანისში ინციდენტისას მოხდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება.

„რაც არ უნდა პროვოკაცია ყოფილიყო, რაც გასაგებია, რომ ასე იყო, რაც არ უნდა ამას საფუძველი ჰქონოდა, დანაშაულს გამართლება არ აქვს და არავინ დააფარებს ამ ქვეყანაში ხელს, თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები არის. ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, არის. დარწმუნებული ვარ, შსს და პროკურატურა თავის საქმეს გააკეთებენ. არავინ აპირებს, ადამიანი დაიცვას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის პროვოკაციაზე წამოაგეს, თუ მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიანაც უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში კასკადი იყო მცდელობების, რომ ვიღაც პროვოკაციაზე წამოეგოთ და ამ შემთხვევაში მოახერხეს, ძალიან უხარიათ, მაგრამ გასახარად არ აქვთ საქმე, რადგან ადამიანები არაინ დაზიანებული ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვნენ, მერე მეორე, ხელის დაფარებას არავინ აპირებს. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების მინიმალური სტანდარტი, რაც ბრალდებისთვის არის საჭირო, შეიკვრება და იმ წამსვე მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა მდინარაძემ.

დმანისში დაპირისპირებისას დღეს ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.