მამუკა მდინარაძე - ჟენევის ფორმატისთვის რანგის ამაღლება მისასალმებელია
მამუკა მდინარაძე - ჟენევის ფორმატისთვის რანგის ამაღლება მისასალმებელია

ჟენევის დისკუსიების ფორმატისთვის რანგის ამაღლება მისასალმებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც  მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფორმატის უფრო ქმედითად გამოყენება, მხოლოდ წარმატების მომტანი იქნება.

„ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართულმა სახელმწიფომ,  ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოიყენოს, რათა დეოკუპაციის გზაზე თამამები ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ამ მიმართულებით სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ.

ვფიქრობ, ჟენევის ფორმატისთვის რანგის ამაღლება მისასალმებელია და თუ აღნიშნული ფორმატი გამოყენებული იქნება უფრო ქმედითად, ეს მხოლოდ წარმატების მომტანი იქნება.

ხელისუფლების მიერ გახმოვანებული გზავნილები მხოლოდ იმას მეტყველებდა, რომ ფორმატის მაღალ რანგში აყვანა და მისთვის უფრო ქმედითი ხასიათის მიცემა მოსალოდნელია, ამის მზაობაც უკვე დაფიქსირებულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატი თავს იკავებს იმის პროგნოზირებისგან, თუ როგორი რეაქცია მოჰყვება რუსეთის მიერ ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ქართული მხარის შეთავაზებას.

„ნამდვილად ვერ გეტყვით, რისთვის არის მზად ოკუპანტი ქვეყანა და რისთვის არა. ჩვენ დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით სამშვიდობო-პრაგმატული პოლიტიკა და სწორი ხედვა გვაქვს. თუკი რომელიმე ფორმატი ამ სწორი პოლიტიკის შემუშავებასა და ამ საკითხების სწორად გადაწყვეტაში გამოგვადგება, ჩვენთვის ნებისმიერი ფორმატი მისასალმებელი იქნება და მათ შორის, ჟენევის“, – დასძინა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. პრემიერის განცხადება 9 მარტს გავრცელდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.