მამუკა მდინარაძე - დიპლომატიური პათოსის მიუხედავად, ელჩების ჩანაწერშიც ნათლად გამოჩნდა, სად არის სიმართლე
მამუკა მდინარაძე - დიპლომატიური პათოსის მიუხედავად, ელჩების ჩანაწერშიც ნათლად გამოჩნდა, სად არის სიმართლე

დიპლომატიური პათოსის მიუხედავად, ელჩების ჩანაწერშიც ნათლად გამოჩნდა, სად არის სიმართლე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„შესაძლოა, მოლოდინი ცოტა მეტი იყო, რომ ცოტა მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო, თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დიპლომატები ვერასდროს ლაპარაკობენ ისეთი ენით, როგორიც ჩვენ გვინდა, რადგან გარკვეული დიპლომატიური წესები არსებობს, მაგრამ ჩანაწერის დიპლომატიური პათოსის მიუხედავად, ამ ჩანაწერშიც ნათლად გამოჩნდა, სად არის სიმართლე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამ განცხადებით მამუკა მდინარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ელოდებოდა თუ არა მმართველი გუნდი ფასილიტატორი ელჩებისგან ისეთ პასუხს, როგორიც მიიღო, მას შემდეგ, რაც ელჩებს სთხოვეს, შეხვედრიდან მეტი დეტალები გაესაჯაროებინათ.

მისი თქმით, დღევანდელ საპასუხო განცხადებაში დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ხელშეკრულების მეორე ნაწილის შინაარსსა და სულისკვეთებას.

„მსგავსი შეთანხმება რომ ყოფილიყო, რასაც ოპოზიცია ამბობს, ამას ხომ ესწრებოდა აშშ-ის ელჩი, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, დიპლომატები და იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც მართლმსაჯულებაში ჩაურევლობის გარანტიები უმაღლეს დონეზეა?! ანუ, ეს ხალხი ესწრებოდა და მმართველი პარტია და ოპოზიცია იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ ჩარეულიყვნენ პრეზიდენტის, სასამართლოსა და პროკურატურის კომპეტენციაში?! ამას გვიმტკიცებენ?!“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დიპლომატების განცხადებაში ნახსენებია შინაარსი და სულისკვეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ოპოზიციასა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დარჩნენ 120/30 სისტემის ერთგულები და მეორე, მართლმსაჯულებაში ჩარევის შემთხვევაში მოხდეს რეაგირება.

„ეს არის ზუსტი, პრაქტიკულად, ციტირებით განმარტება იმ ჩანაწერისა, რაც გვიწერია ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ასეთ შეთანხმებაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რომ თითქოს იყო, მმართველი გუნდი ვერ წავიდოდა, რადგან საქართველოში პოლიტპატიმარი რეალურად არ არის.

„ორივე ჩანაწერი, რაც იმ შეთანხმებაში წერია, წინ მიდევს და მგონია, რომ ეს ბევრჯერ უნდა წავუკითხოთ, მათ შორის, ჩვენს ოპოზიციას, თუ რა წერია იქ. ისინი ამბობენ, რაც შეთანხმებაში წერია ის კი არ იგულისხმებოდა, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცო. აბსოლუტურად განსხვავებულს კიდევ არა უშავს, საპირისპირო ამბავი. ოპოზიციასთან უკვე კამათიც კი შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი, ასეთ შეთანხმებაზე მმართველი გუნდი ვერ წავიდოდა, რადგან საქართველოში პოლიტპატიმარი რეალურად არ არის. ადამიანებს ბრალი ედებათ უმძიმეს დანაშაულში და ამ შეთანხმებაზე რომ წახვიდე, რასაც ისინი ლაპარაკობენ და არა იმაზე, რაც შეთანხმებაში ჩაიწერა, ერთი წამით რომ დავუშვათ და ის შეთანხმება რეალური რომ იყოს, რასაც ჩვენ ოპოზიციონერები ყვებიან, მაშინ ჯერ უნდა აღიარო, რომ პოლიტპატიმარი გყავს და მერე უნდა თქვა, რომ ჩვენ ჩავერევით პრეზიდენტის, სასამართლოს, პროკურატურის საქმიანობაში და გამოვუშვებთ ამ ხალხს. აი, ამას გვიმტკიცებენ, რომ თითქოს, ეს მოხდა და უარყოფენ იმას, რაც შავით თეთრზე წერია“, – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა შეხვედრაზე აყენებდა საკითხს, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარე მათ წინადადებას არც ერთ შეხვედრაზე არ დათანხმებია.