მამუკა მდინარაძე - დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს
მამუკა მდინარაძე - დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მაჟორიტარების ბიუროებთან განვითარებულ პროცესებს.

მდინარაძის თქმით, აქციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობას გამოიწვევენ, თუმცა ეს არ გამოუვათ.

მდინარაძე ამბობს, რომ „მსგავსი პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს დაემართათ, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი თავადაც ვერ წარმოედგინათ“.

„როგორც ჩანს, ეს ადამიანები 2003 წლიდან ვეღარ განვითარდნენ. მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაც სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც შემდეგ გაგრძელება არ აქვს. ნახეთ, ზოგი ოფისიდან კუდამოძუებულები გაუშვეს, ზოგან ღობეს მიახტნენ და ბოქლომები ჩამოკიდეს. რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა ზოგან დარეკეს და გთხოვთ, სამსახურებიდან არ გაგვყაროთო, ჩვენს მომხრეებს, მაჟორიტარებს და ხალხს სთხოვენ, იქნებ, დაგვაკიდებინოთ ბოქლომებიო“, – აცხადებს მდინარაძე.

მისივე აზრით, გაცვეთილ „კმარელებს“ თავისი სათქმელი ხალხმა უთხრა.

„როდესაც ეუბნებიან მოქალაქეები, რომ რა პროპორციული, ხალხის მწამებლებთან გვაქვს საქმე და ხალხის მწამებლები აპროტესტებთ პროპორციულზე გადასვლას, ეს არის რეალობა, რაც საზოგადოებაში  აზრის სახით მუსირებს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მარგინალი „კმარელების“ განუვითარებლობამ მოგვცა დღევანდელი ცუდი სპექტაკლები. არ გამოვრიცხავ, რომ საპროტესტო აქციაზე, შეიძლება, არის არაერთი გულწრფელი მოქალაქე, ვისაც მართლა სჯერა თავისი აზრის, რომ ხელისუფლება არ მოიქცა კარგად. პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას. ნახეთ, როგორ დაიშალა აქცია, როგორ იმოქმედა პოლიციამ და დღეს, რაც ყველაზე მთავარი იყო, პოლიციას მოუწია ხალხისგან „ნაციონალური მოძრაობის“, ბოკერიას ფრთის დაცვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან შეიკრიბნენ, რათა კარზე ბოქლომები დაედოთ. მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ დიდ დიღომში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან.