მამუკა მდინარაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული
მამუკა მდინარაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა და კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა გადაწყვეტილია.

„პერიოდულად ასეთი პრობლემები თავს იჩენს და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარკვეულ დღესასწაულებს ემთხვევა. პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. კომისიებმა, რომლებიც დელიმიტაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა გააგრძელონ მუშაობა და შედეგი უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, რაც ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენციას მოახდენს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ოთხი დღის განმავლობაში დავით გარეჯის ლავრიდან მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკების ბლოკირება აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოახდინეს, რის გამოც იქ სასულიერო პირებს და დავით გარეჯის სტუმრებს გადაადგილება შეეზღუდათ.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. საქართველოს საგარეო უწყებაში აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ განაცხადეს, რომ შედგა შეთანხმება ბილიკების გახსნის თაობაზე.