მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვართ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ზეპარტიული ლიდერი და მაქსიმალურად შეეცდება, გამაერთიანებელ საკითხებზე ჰქონდეს ორიენტირი
მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვართ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ზეპარტიული ლიდერი და მაქსიმალურად შეეცდება, გამაერთიანებელ საკითხებზე ჰქონდეს ორიენტირი

დარწმუნებული ვართ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ზეპარტიული ლიდერი და მაქსიმალურად შეეცდება, გამაერთიანებელ საკითხებზე ჰქონდეს ორიენტირი, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ხალხს, საკუთარ სამშობლოს. არათუ გარედან მიღებული დავალებების შესრულებაზეა ლაპარაკი, არამედ ის იქნება ზეპარტიული ლიდერი, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა ანტიდასავლურობას არ ნიშნავს.

„ამას მიშა ყაველაშვილს კი არა, ჩვენც გვაბრალებენ, თითოეულ ჩვენგანს. ამას აბრალებენ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს. რომ დაგარტყამენ და თავზე ლაფს გასხამენ – ამის მცდელობა როცა აქვთ და პასუხს გასცემ, ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა? მაგალითად, კუბილიუსი თუ რაღაც საზიზღრობას იტყვის და გასცემ მკაცრ, ხისტ პასუხს, ისეთს, როგორიც ეკუთვნის, თურმე ანტიდასავლური რიტორიკაა. ისინი საშინელ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, შენ პასუხს გასცემ და როგორ იკადრეო, რწმენის დონეზე აქვთ ატანილი. ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც უსამართლო განცხადებები გააკეთეს, თურმე პასუხიც არ უნდა გასცე. ამ უსამართლო, ფეიკგანცხადებებიდან არის, რომ მიხეილ ყაველაშვილი ან რომელიმე ჩვენგანი ცრუ ბრალდების ობიექტი ვართ ხოლმე. ერთი ანტიდასავლური განცხადება გამახსენონ და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. პრეზიდენტობის კანდიდატი შეირჩა იმ კრიტერიუმით, რომ კარგად აქვს გათვითცნობიერებული პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლები. ასევე, ჩვენს გუნდში თითოეულ ჩვენგანს კარგად გვაქვს გაცნობიერებული ეს. არ ვიცი, პიროვნული ამბიციაა, უცხო ძალების ე.წ. ვერბოვკის შედეგია თუ ყველაფერი ერთად, მაგრამ წინა ორმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო რაღაცებს. ყველა კარგად ხვდება და ინფორმირებულია ამის შესახებ. ვერ გაუძლეს რაღაცებს და კომპეტენციის ფარგლებთან დაკავშირებით წარმოდგენები სხვანაირად გადასცეს საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლები კარგად აქვს გაცნობიერებული.

„გარანტიებზე რომ ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მას კარგად აქვს გათვითცნობიერებული პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლები. საინტერესო საუბრები გვაქვს ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, რას აპირებს, როგორ აპირებს, მართლაც გამაერთიანებელ თემებზეა საუბარი, რასაც მე არ დავასახელებ, მის კომპეტენციაში არ შევიჭრები. მგონია, რომ ძალიან სასიამოვნო იქნება მისი მხრიდან, როდესაც უდავო თემებს ჩაუდგება სათავეში. შესაბამისად, საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ, მისი ინიციატივებით, საყოველთაოდ აღიარებული უდავო თემები იყოს რეალიზებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან პრეზიდენტის არჩევის ახალ წესზეც ისაუბრა.

„ეს არის დემოკრატიული ქვეყნების, საპარლამენტო მოწყობის ქვეყნებისთვის მახასიათებელი წესი, თავისი ცერემონიით, სიმბოლიზმებით და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიღებული და მართებული ფორმა, რომელიც აბსოლუტურად რელევანტური და თავსებადია პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციასთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ყაველაშვილი რომელიმე საერთაშორისო პარტნიორისთვის სასურველი სტუმარი ან მასპინძელი იქნება თუ არა, მდინარაძემ აღნიშნა:

„ხშირად ლაპარაკობთ უხერხულობებზე, სასურველზე, არასასურველზე. სასურველი სტუმარი უნდა განსაზღვრო იმის მიხედვით, რამდენად სასურველია ქვეყანა, რომელმაც ის აირჩია, ის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი. რა წესითაც და რომელი ქვეყნის მიერაც ირჩევა ლეგიტიმურად, იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო. რაც შეეხება პერსონალურ განცხადებებს, შეგიძლიათ, დამისახელოთ რომელიმე პერსონალური განცხადება, რასაც ანტიდასავლურს ეძახით ხოლმე, მზად ვარ, არა მხოლოდ საკუთარზე, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებებზე ვაგო პასუხი, რამდენადაც არცერთი ტყუილი მათი მხრიდან გახმოვანებული არ ყოფილა. გახსოვთ, როცა ჩვენი პოზიციები გაიყო, მაშინ იმაზე კი არ იყო ლაპარაკი, რომ არასწორს ამბობდნენ, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ეს სიმართლე იყო თუ არა აუცილებლად სათქმელი. მეტი განსხვავება ჩვენს პოზიციებში არ გვქონია. მათ სიმართლე ილაპარაკეს. იმ სიმართლის მიღმა, იქით კიდევ არის რაღაცები, რაზეც ისინიც კი არ ლაპარაკობდნენ. დღესაც არის კულისებში შენახული ბევრი რაღაც და ხშირად ვამბობდი, ღმერთმა არ ქნას, წითელ ხაზებთან მიახლოვება დაგვჭირდეს-მეთქი, წითელი ხაზების გადალახვაზე არც გვიფიქრია. საბედნიეროდ, ღმერთმა არ ქნა და არ დაგვჭირდა. ამიტომ ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედარებით მარტივად მიგვაჩნია. „ხალხის ძალის“ ყველა განცხადება დეტალურად შეგვიძლია გავიაროთ. აშშ ცალკე რომელ განცხადებაშია, მაჩვენეთ და აღმოჩნდება, ვინ არის ჩვენ შორის მართალი“.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.