მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შესაბამის ნიშნებს დაუწერენ ყველა პოლიტიკურ პარტიას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე სერიოზული ინდიკატორი პოლიტიკოსისთვის არ არსებობს. მან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა, პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების შეფასება და მე ამ შეფასებას დავემორჩილები“.
„ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლებაშია, ნიშანს საზოგადოებისგან არჩევნებზე იღებს. ამაზე სერიოზული ინდიკატორი არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც შესაბამის ნიშნებს დაუწერენ ყველა პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, 20 ივნისზე ყველაფერი გარკვეულია.
„მათივე პირით, მათივე წამოცდენებით დადასტურებულია – ერთ შემთხვევაში სააკაშვილის წამოცდენით, რომ ვერ დავასრულეთო, მეორე შემთხვევაში მელიას აღიარებით, პარლამენტის წინ რომ შევვარდი, რატომ ვარდებიო; ამ ყველაფერს ბოლოს ირაკლი ოქრუაშვილმა წერტილი დაუსვა – მან მოჰყვა ქმედებაც, განზრახვაც, მიზანიც და ისაუბრა იმაზე, როგორ დააშვებინეს შეცდომა მსროლელებს, როცა მათ ეს შეძლეს. პრაქტიკულად, ეს თქვა. სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ მათ დააშვებინეს შეცდომა იარაღის გამსროლელ ადამიანს. ყველაფერი ნათელია“, – აცხადებს მდინარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, აქციაზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილი საკუთარი პროტესტის გამო იყო მოსული.
„ახალგაზრდები ვიცი, ვისაც პირადად გული სტკივა ქვეყანაზე და აპროტესტებს ნებისმიერ რუსულ თემას, განსაკუთრებით რუსულ ოკუპაციას. მაგრამ ვინც პარტიულ ვერტიკალშია, ისინი არიან პარტიულ ვერტიკალში, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ ანტიდასავლური საქმე აკეთოს და ანტირუსული ისტერია აწარმოოს, რაც საბოლოო ჯამში, გარკვეულ საფრთხეებში გადაიზრდება ხოლმე.
რეალურად, დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქმით ამტკიცებს, რომ მისი გეზი დასავლეთისკენ არის. ნებისმიერმა ადამიანმა, პოლიტიკოსი იქნება თუ არა, თანაბრად უნდა აგოს პასუხი მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე და არა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა. არ ჰქონდა დანაშაულს, ხარისხს და სიმძიმეს მნიშვნელობა, ყველას პასუხს განსაკუთრებული სიმკაცრით აგებინებდნენ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომლის საძირკველი ჩვენი მმართველობის პერიოდში უკვე ჩაყრილია – ადამიანები პასუხს დანაშაულის ადეკვატურად აგებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული შემთხვევებია, როცა საარჩევნო კამპანიას პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით კი არ აწარმოებენ, არამედ ქვეყნის გარეთ. რადიკალურ ოპოზიციას სჩვევია, ქვეყნის გარეთ ისეთი შეცდომების დაშვება ხდება, რაც წარსულიდან გვახსენდება. 2011-2012 წლებში, თურმე, ბიძინა ივანიშვილი მაცივრებსა და ტელევიზორებს არიგებდა, ტყუილი აღმოჩნდა, როცა „იმედი“ წაართვეს „ოცნების“ წარმომადგენლებმა კანონიერ მფლობელებს და ა.შ. ახლაც ვნახეთ, 13 კონგრესმენის შემთხვევაში, როცა თავად საუბრობენ შეცდომებზე. ასეთ შემთხვევებს მოსდევს რაღაც გადაწყვეტილებები, რაც სამართლიანობასა და სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონიერებას შორის არჩევანის გაკეთებას გაიძულებს, რისი შედეგიც იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონკრეტულ შემთხვევაში“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.