მამუკა მდინარაძე – დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც დღეს არის
სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავისი შესაძლებლობებით გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით.
„რადგან დღეს სხვადასხვა უწყებებზე ვსაუბრობ, ვსარგებლობ შემთხვევით და ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთხელ, დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სადღეისოდ უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორუმების თუ სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას.
ბოლო პერიოდში, სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა, სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.