მამუკა მდინარაძე - ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად და კატეგორიულად, თუმცა „ნაცების“ და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში ჩაყოლას არ ვაპირებთ
მამუკა მდინარაძე - ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად და კატეგორიულად, თუმცა „ნაცების“ და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში ჩაყოლას არ ვაპირებთ

ვიმოქმედებთ ისე, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, საფრთხეებთან და აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

რამზან კადიროვმა გუშინ განცხადებაა გაავრცელა, სადაც ვასამბეკ ბოკოვის საქართველოში დაკავებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აგრესიულ რიტორიკაში შესვლა არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს.

„ჩვენ მსგავს საკითხებზე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ვაყენებთ და რეაქციასაც ყოველთვის ვთხოვთ. ეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც ხშირად რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მოდის, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არის მიმართული, მაგრამ ზოგადად აგრესიულ რიტორიკაში შესვლაც არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს და მისი თანმდევი შედეგები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხშირად გვინახავს. ამიტომ, თუ ვინმეს მიზანია, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კი არ ვიმუშაოთ ასეთ საკითხებზე, არამედ ჩვენც ჩავერთოთ ამ აგრესიულ პოლიტიკაში, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, საფრთხეებთან და ამ აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ და დავიწყოთ უშედეგო აგრესიული რიტორიკა, რასაც ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგთან არანაირი შემხებლობა არ ექნება. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად, მყარად, კატეგორიულად, თუმცა „ნაცების“ და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში რატომ არ შემოდიხართო – ამ თემებში ჩაყოლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.