მამუკა მდინარაძე - ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ უფლებები და ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა, პროპაგანდა კი აბსოლუტურად მიუღებელია
მამუკა მდინარაძე - ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ უფლებები და ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა, პროპაგანდა კი აბსოლუტურად მიუღებელია

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, დავიცვათ მომავალი თაობა მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებები და პროპაგანდა.

„ლგბტ პროპაგანდა კიდევ უფრო მასობრივი როცა ხდება, დიდ მასშტაბებს იძენს, გამოწვევების პროპორციულად და სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას, მეორე მხრივ, გააძლიერებს ადამიანების უფლებების დაცვას. განსაკუთრებით იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებსაც ეხებათ ზოგადად ეს თემა. ვგულისხმობ არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს.

შესაბამისად, ვფიქრობთ, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, დავიცვათ მომავალი თაობა მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა – უფლებების დაცვას. უფლებების დაცვის საკითხის გამოყენებას, მასზე ამოფარებას ცდილობენ, რათა შემდეგ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა. უნდა ვთქვათ, რომ უფლებების დაცვა ჩვენი განუხრელი, პრინციპული ამოცანაა, ყველა ადამიანის უფლებების, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ხოლო პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ. ამ პროპაგანდამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ დღეს სჭირდება პრევენცია. როცა ვლაპარაკობდით, რომ ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ არაჯანსაღ პროპაგანდას, ესეც მიდგომაა. იმავე პოზიციაზე ვრჩებით, მაგრამ დღეს თუ უფრო გამწვავდა პრობლემა, ამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ. ეს პოზიცია ნიშნავს, რომ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპონენტებისგან ვერ მოისმინა პრინციპული პოზიცია, საჭიროა თუ არა მავნე პროპაგანდასთან დაპირისპირება.

„საკითხის გახმოვანებიდან მეორე დღეა, ოპონენტებისგან ვერ ვიღებთ პრინციპულ პოზიციას, საჭიროა თუ არა, დავუპირისპირდეთ ამ მავნე პროპაგანდას. არცერთ მათგანს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია, ამოეფარნენ რამდენიმე ჟურნალისტს. კანტიკუნტად, ბუნდოვნად ჩანან ადამიანები, რომლებიც ჩემს შარშანდელ კომენტარს იხსენებენ და წელს რატომ შეცვალეთო? იმიტომ შევცვალეთ, რომ წელს უფრო დიდი, მძაფრი, სერიოზული პრობლემების, გამოწვევების წინაშე დავდექით. ოფიციალურ სტრუქტურებში შეაღწია ასეთმა მოთხოვნებმა, უფრო გაიზარდა მასშტაბი, მათ შორის, ხელოვნებაში, შემოქმედებაში ცდილობენ, დააინტეგრირონ ასეთი საკითხების პროპაგანდირება. გამოწვევა არის უფრო მძაფრი და გადაწყვეტილებაც არის უფრო მძაფრი. უფლებებს ნურავინ ამოეფარება და ნურავინ გაბედავს ევროპულ, დასავლურ თემას დაუკავშიროს. ვიღაცები ამბობენ, რა გოიმობაა ამაზე საუბარიო. გოიმობა ის არის, ფსევდოლიბერალურ ტრენდს რომ აჰყვები გათვითცნობიერების, სიღრმეებში ჩასვლის გარეშე. ფსევდოლიბერალურ, მავნებლურ ტრენდს როცა მიჰყვები ისე, რომ ვერ აცნობიერებ და მხოლოდ მოდურობის გამო რაღაც პოზას იჭერ, ეს არის ნამდვილი გოიმობა მათთვის, ვინც გაბედა. მხოლოდ და მხოლოდ ერთმა-ორმა სოციალურ ქსელში რაღაც  კომენტარის სახით მიაწერა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც მავნე პროპაგანდის მხარეს არიან, აცხადებენ, რომ საფრთხე არ არსებობს, მოგონილია. მდინარაძის შეფასებით, ეს სიმართლე არ არის.

„ვერაფერი რომ ვერ თქვეს, ადამიანები, რომლებიც ამ მავნე თემის პროპაგანდირების მხარეს არიან, ახლა ლაპარაკობენ, რომ საფრთხე არ არსებობს, მოგონილიაო. 2017 წელს თითქოს კიდევ უფრო „მყარი“ ჩანდა მათი არგუმენტი, როცა კონსტიტუციაში ჩავწერეთ ქალისა და მამაკაცის ერთობაზე, როგორც ოჯახზე. მაშინ მართლა არ ჩანდა ასეთი სიმძაფრე. რა თქმა უნდა, პროპაგანდის მასშტაბი მაშინაც დიდი იყო, მაგრამ დღეს არის ათჯერ დიდი. მაშინ ადამიანების ნაწილს რეალურ არგუმენტად ეჩვენებოდა საუბარი იმის შესახებ, რა საჭირო იყო, როცა მოვიფიქრეთ, კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ოჯახის შესახებ, რომ ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი. ძალიან კარგად ვიცით, რამდენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზეა საუბარი თანამედროვე მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროში. ანუ სწორი გათვლა, პრევენცია გაგვიკეთებია. პროპაგანდა მიდის იმგვარი, რომ მთელ რიგ ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც კი ამან თავისი შედეგები უკვე მოიტანა, რაც კვლევების დონეზეა და არა რაღაც შეფასებების. კონკრეტულ შედეგებზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დღეს გამოწვევა ძალიან მძაფრია, აბსოლუტურად უარგუმენტოა საუბარი იმის შესახებ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ეს პროპაგანდა თანამედროვე სამყაროში არის მასირებული შტურმის ეფექტის თუ არა? თუ გვეჩვენება, როცა ყოველდღიურად ვიგებთ ამბებს, სად მსჯელობენ, სად აძალებენ, სად როგორ იქცევიან ამ საკითხებთან, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან, ლგბტ თემის პოპულარიზაციასთან და მათ უფლებებთან დაკავშირებით. ეს თუ მოგონილია, მაშინ ჩვენ ვიგონებთ ამ ამბავს სხვადასხვა ქვეყანაში, ეს ამბები, რაც ვრცელდება, ჩვენ მოგვიგონია. თუ არა, მაშინ ისინი ტყუიან და არ სურთ მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ ლგბტ პროპაგანდა აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის და საერთო არაფერი აქვს უფლებების დაცვასთან. ამის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავილაშქროთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მომავლის წინაშე. ყველას ვთხოვ, ეს ყველაფერი გააცნობიერონ, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია, ჩვენი, ანუ ქართული მომავლის მხარეს არიან, თუ შეფარვით, რაღაც არგუმენტების გამოგონებით ამ თემას ემიჯნებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, მიიღეს  გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.