მამუკა მდინარაძე - იქნება ოპონენტების სპეკულაციები, მაგრამ მთავარია, უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი პროკურატურამაც შეასრულოს
მამუკა მდინარაძე - იქნება ოპონენტების სპეკულაციები, მაგრამ მთავარია, უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი პროკურატურამაც შეასრულოს

ჩვენი ოპონენტები დაკავდებიან სპეკულაციებითაც, მაგრამ მთავარია, უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი პროკურატურამაც წარმატებით შეასრულოს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საუბისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ერთია, როგორ იგებს კონკრეტულ მესიჯებს ოპოზიცია და მეორეა, რა ხდება სინამდვილეში.

„სინამდვილეში ხდება ის, რომ ნებისმიერი რგოლი, ეს იქნება პროკურატურა თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს, რადგან წინ ძალიან სერიოზული არჩევნები გვაქვს, სადაც იქნება ბევრი სპეკულაცია, ბევრი დარღვევის მცდელობა, რისი პრევენციაც უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად და პროკურატურის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია.

თუკი საქმე გვექნება ისეთ დარღვევასთან, რომელიც შეიძლება პროკურატურის კომპეტენციაში იქნება, ბუნებრივია, ამ რგოლმაც უნდა იმუშავოს ეფექტიანად, რომ შევძლოთ, კითხვის ნიშნები იყოს ნაკლები ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებზე.

რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ნებაც, გადაწყვეტის გზებიც, გეგმებიც და სურვილი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს ოქტომბერში ჩატარებული უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე არჩევნები, სადაც კითხვის ნიშნები იქნება ნაკლები. ჩვენი ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან ხოლმე, დასვამენ კითხვებს, დაკავდებიან სპეკულაციებითაც, სხვაგვარი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიყოთ მართლები და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი პროკურატურამაც წარმატებით შეასრულოს, თუკი მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.