მამუკა მდინარაძე - ჩვენი მთავარი ინტერესია რეგიონში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და შეგვიძლია, ამ საქმეში ქმედითი აქტორები ვიყოთ
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მთავარი ინტერესია რეგიონში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და შეგვიძლია, ამ საქმეში ქმედითი აქტორები ვიყოთ

გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანია და არ იცის, რა ილაპარაკოს კონკრეტულ თემებზე, რადგან ტრენინგების გარდა, რომელიც გავლილი აქვთ დემაგოგიაში, მათ რეალურ საგნობრივ დებატებში საუბრის საფუძველი არ აქვთ და ახლაც ასე ხდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა დაგვიანებულია.

მამუკა მდინარაძე ინტერესდება, რატომ არის, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა დაგვიანებული.

„რას ჰქვია დაგვიანებულია? – გიგა ბოკერიას განცხადებას სერიოზულად ვერ შევაფასებ. ასეთ განცხადებას ომის დაწყებამდე ვერ გავაკეთებდით და ომი ახალი დაწყებულია. მეორე დღესვე, მსგავსი განცხადებები გავაკეთეთ და ჩვენს პოზიციას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ვაფიქსირებთ. როცა სალაპარაკო არ აქვთ, შემდეგ იგონებენ, რატომ ახლა და არა – გუშინ. საიდან დავაგვიანეთ? ისე იქცევა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, როგორც ჩვენ. როცა ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვთქვათ, შეგვიძლია, ვიყოთ მთავარი აქტორები რეგიონში მშვიდობისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, სახელმწიფო ასეთ განაცხადებს მაშინ აკეთებს და ჩვენც ასეთი განაცხადი გავაკეთეთ. სამხედრო დანიშნულების ტვირთების გარდა, ორივე მიმართულებით ტვირთებს არანაირი შეფერხება არ ექნება. ორივე ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და რაიმე ტენდენციას ვერ დავაფიქსირებთ. ჩვენი მთავარი ინტერესია, რეგიონში მშვიდობა, უსაფრთხოება იყოს და შეგვიძლია, ამ საქმეში ქმედითი აქტორები ვიყოთ“, – დასძინა მდინარაძემ.