მამუკა მდინარაძე - ჩვენი მეგობრების მხრიდან რომელიმე განცხადება თუ ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის დაზიანებას
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მეგობრების მხრიდან რომელიმე განცხადება თუ ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის დაზიანებას

მადლობა ევროკავშირის ელჩს, რომ მან ხაზგასმით თქვა, ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუმცა, აქვე ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ აპირებს სანქციების დაწესებას და ამით საკუთარი მოქალაქეების დაზიანებას.

„არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცენ, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ.  არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის პრინციპული პოზიცია, რადგან ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მოქალაქეებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, არ ვაპირებთ. გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო ელემენტარული სტატისტიკა. 2022 წელს ევროკავშირისა და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა გახლდათ 258 მილიარდი ევრო, დღეში 700 მილიონი ევრო.  რაც არის ევროკავშირის ბრუნვა ოთხი დღის განმავლობაში, იმას ვაჭრობს საქართველო რუსეთთან. ასეთი საკითხები როცა არის ხელისგულზე, არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ მსგავს საკითხებზე. თუ რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, ჩვენ სანქციების დაწესებით – არც დე ფაქტო, არც სხვა, რეალური სანქციების დაწესებით – არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.