მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რა სიტყვებით ლანძღავდნენ ჩვენს პარტნიორებს, როცა არ მოსწონდათ მათი მოქმედებები, მაშინ იგივე ხალხს ამაზე ხმა არ ამოუღია
მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რა სიტყვებით ლანძღავდნენ ჩვენს პარტნიორებს, როცა არ მოსწონდათ მათი მოქმედებები, მაშინ იგივე ხალხს ამაზე ხმა არ ამოუღია

გახსოვთ ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რა სიტყვებით ლანძღავდნენ ჩვენს პარტნიორებს და მათ წარმომადგენლებს, როცა არ მოსწონდათ მათი მოქმედებები. მაშინ იგივე ხალხს ამაზე ხმა არ ამოუღია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს.

„ხომ გაგიგიათ ასეთი გამოთქმა, რომ როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენო. ზუსტად ეს ვარიანტია. როცა თვითონ აწყობთ და არ მოსწონთ დასავლელი პარტნიორების და მათი წარმომადგენლების განცხადებები, ლანძღავენ ყველანაირი ფორმით. ალბათ გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რა სიტყვებით ლანძღავდნენ ჩვენს პარტნიორებს და მათ წარმომადგენლებს, როცა არ მოსწონდათ მათი მოქმედებები. იგივე ხალხს ამაზე მაშინ არც ერთს ხმა არ ამოუღია. ხომ ნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, ჩვენი განცხადებები, როცა ადამიანები უბრალოდ საუბრობენ ხოლმე მაგალითად, სუვერენიტეტზე, ამაში ხედავენ რუსულ კვალს. სუვერენიტეტსა და ეროვნულ იდენტობაზე რომ ილაპარაკებ, თურმე ეს რუსული კვალია და დასავლელი პარტნიორების შეურაცხყოფაა, ხოლო როცა ისინი პირდაპირ აგინებდნენ, ამას ვერ ამჩნევენ ხოლმე. ამიტომ მოდით, ჯერ შეარჩიონ რეალური რაც არის და ინტერპრეტაციებზე რომ გადავლენ და არ იქნება სწორი ინტერპრეტაცია, ამასაც მივუთითებთ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე ამბობს, ქვეყნის მომავალი არის ევროპაში და საგარეო კურსი არ გადაიხედება.

„პირადად ვარ დარწმუნებული ჩემს სიტყვებში, რასაც ვლაპარაკობ, საგარეო კურსი არ გადაიხედება, ამ სიტყვებზე პასუხს სიცოცხლით ვაგებ. ეს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ სხვა პარტიებისგან განსხვავებით 2017 წელს, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამაზე სპეკულაციებს, სისულელეების ლაპარაკს ყველამ თავი დაანებოს. „ქართული ოცნების“ პირობებში, ამ ქვეყანაში არასდროს კურსი არ გადაიხედება. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს მომავალში, ამ კურსის, ამ კონსტიტუციური პრინციპის გადახედვას ვეღარ შეძლებს. ჩვენ ისეთ რელსებზე ვდგავართ ევროპისკენ, საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი თავისი ეროვნული იდენტობით და ნურავის შეაწუხებს ეს ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.