მამუკა მდინარაძე - ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია
მამუკა მდინარაძე - ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ლევან იოსელიანის ინიციატივას, რომ პარლამენტში ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა იყოს ღია.

როგორც მდინარაძემ პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ ოპოზიციონერი ლევან იოსელიანის ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ პარტიის სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

„კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩევიან ხვალ, საუბარია იმ კანდიდატებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მესამე საკითხი იყო რეგლამენტში ცვლილებები. ევრორეკომენდაციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხზეა საუბარი, საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მათ შორის საპროცედურო კომიტეტმა იმუშავა, შევა არაერთი ცვლილება. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა. ამ საკითხს ხვალ დავაყენებ. შემდეგი საკითხი იყო ასევე ევრორეკომენდაცია, საუბარი სტრასბურგის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და აქაც პრინციპში თითქმის ყველა შენიშვნა „ენჯეო“ სექტორიდან იქნა გათვალისწინებული და უამრავი ცვლილება შედის შესაბამის კანონში. ამასთან, პარასკევს იქნება ინტერპელაცია ჯანდაცვის მინისტრთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე, მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს სახელმწიფო აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას.