მამუკა მდინარაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
მამუკა მდინარაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

თქვენ ნახეთ მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული დაპირებები, კონკრეტული პროგრამა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ ორი საათის განმავლობაში ძალიან მოკლედ გვეთქვა, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალ. ჩვენი ოპონენტები სულ რამდენიმე წინადადებაში ატევენ ხოლმე გასაკეთებელ საქმეს და დაპირებებს, იმას კი, თუ რამდენად რეალურია ეს მონაცემები, თქვენც ძალიან კარგად ხედავთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

​მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს კონკრეტული გეგმა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც, თუ ერთ წინადადებაში ჩავატევთ, შეიძლება ვთქვათ, რომ არის საზოგადოების, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ განცხადებისა და დაპირების სითამამის საფუძველს გვაძლევს ის დინამიკა, რაც განვითარების თვალსაზრისით აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე, ის ინერცია და სტარტი, რომელიც ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, თითქმის რვა წელია, ავიღეთ. ოთხი წლის განმავლობაში კი უკვე ამ თამამ განაცხადსაც შევასრულებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.