მამუკა მდინარაძე - ჩანაწერი ძალიან მძიმე იყო და ბოლომდე უნდა ჩაყოლა, თუ მისი ერთი პროცენტიც კი სინამდვილეს შეესაბამება 
მამუკა მდინარაძე - ჩანაწერი ძალიან მძიმე იყო და ბოლომდე უნდა ჩაყოლა, თუ მისი ერთი პროცენტიც კი სინამდვილეს შეესაბამება 

გავრცელებული ჩანაწერი იყო ძალიან მძიმე და ამ ჩანაწერის ერთი პროცენტიც კი სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, ამას ბოლომდე უნდა ჩაყოლა და ყველას ვალია, ბოლომდე ჩავყვეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა.

„კარგად გაიხსენეთ და ჩახედეთ იმ ჩანაწერებს, რომელიც ციხეში გაკეთდა. სუბელიანს რა ვკითხე, რაში ჩავუღრმავდი, რომელ კითხვაში და რომელ მონაყოლში, კარგად წაიკითხეთ ის დასკვნა, რომელიც ამ კომისიაში ჩვენ გამოვიტანეთ. რასთან დაკავშირებით გაკეთდა აქცენტები, სად არის მთავარი კითხვის ნიშნებიო, ჩვენსაზე ვლაპარაკობ და არა თქვენსაზე, არის თუ არა იქ კითხვის ნიშანი სუბელიანთან დაკავშირებით.

არაადეკვატურები უნდა ვიყოთ, რომ ვთქვათ, საერთოდ არაფერი მომხდარაო. ჩანაწერი იყო ძალიან მძიმე და ამ ჩანაწერიდან ერთი პროცენტიც კი სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, ამას უნდა ბოლომდე ჩაყოლა და ყველას ვალია, ჩავყვეთ ბოლომდე. ეს არის ჩვენი მორალური, პოლიტიკური, ადამიანური ვალდებულება საკუთარი შვილების წინაშე. თუ იმის დაჯერებას ცდილობთ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფები, რომ დღეს ქუჩებში დათარეშობენ კრიმინალური დაჯგუფებები და ე.წ. ავტომატჩიკები, როგორც სუბელიანმა ახსენა, დარბიან ქუჩებში, ვიღაცას აწამებენ და ჩვენებები წამებით მოიპოვეს, ამაზე თუ ლაპარაკობთ და ეს თუ ხდება, მაშინ ყველა, ვინც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თურმე სხვაგან ვცხოვრობთ და არავინ არაფერი იცის. ეს არის რეალობა. მაგრამ თუ ერთი პროცენტი მართალია, ამას სჭირდება დეტალური გამოძიება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.